ბლოგი
ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ)

ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ)

22 აგვისტო 2026
4 წუთი კითხვის დრო
xerxemlis-magnitur-rezonansuli-tomografia

ზურგის ტკივილი, კიდურებში ტკივილის გავრცელება, დაბუჟება ან მოძრაობის შეზღუდვა ხშირად ხერხემლის სხვადასხვა დაავადებას უკავშირდება. მსგავსი მდგომარეობების ზუსტი დიაგნოსტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული კვლევა ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა(მრტ).

მრტ ექიმს საშუალებას აძლევს დეტალურად შეაფასოს ხერხემლის მალები, მალთაშუა დისკები, ზურგის ტვინი, ნერვული ფესვები და მიმდებარე რბილი ქსოვილები. კვლევა არ იყენებს მაიონებელ გამოსხივებას და მაღალი ხარისხის გამოსახულების საშუალებით ხელს უწყობს პათოლოგიური ცვლილებების ადრეულ გამოვლენას.

როდის ინიშნება ხერხემლის მრტ?

ხერხემლის მრტ ინიშნება მაშინ, როდესაც საჭიროა ზურგის ტკივილის ან ნევროლოგიური სიმპტომების გამომწვევი მიზეზის დადგენა.

ხერხემლის მრტ შეიძლება დაინიშნოს, თუ პაციენტს აღენიშნება:

  • ხანგრძლივი ან ძლიერი ტკივილი კისრის, გულმკერდის ან წელის არეში;
  • ტკივილის გავრცელება ხელში ან ფეხში;
  • კიდურების დაბუჟება;
  • ჩხვლეტის შეგრძნება;
  • კუნთების სისუსტე;
  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • ტრავმა;
  • ეჭვი დისკის თიაქარზე;
  • ეჭვი ზურგის არხის შევიწროებაზე;
  • შარდვის ან დეფეკაციის დარღვევა ნევროლოგიურ სიმპტომებთან ერთად.

რა დაავადებების გამოვლენა შეუძლია?

ხერხემლის მრტ საშუალებას იძლევა გამოვლინდეს როგორც დეგენერაციული, ისე ანთებითი, ტრავმული და სიმსივნური დაავადებები. ყველაზე ხშირად კვლევა გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის:

  • დისკის თიაქარი (ჰერნია) - დისკის დაზიანება, როდესაც ის ზეწოლას ახდენს ნერვულ ფესვებზე ან ზურგის ტვინზე.
  • დისკის პროტრუზია - დისკის გადმობურცვა, რომელიც ხშირად თიაქრის პირველად სტადიად მიიჩნევა.
  • სპინალური სტენოზი - ზურგის არხის შევიწროება, რაც ნერვული სტრუქტურების კომპრესიას იწვევს.
  • დეგენერაციული ცვლილებები - ასაკთან ან გადატვირთვასთან დაკავშირებული ცვლილებები მალებსა და მალთაშუა დისკებში.
  • სპონდილოზი - ხერხემლის ცვეთითი დაავადება, რომელიც ხშირად ძვლოვანი წანაზარდებისა და მოძრაობის შეზღუდვის მიზეზია.
  • სპონდილოლისთეზი - მდგომარეობა, როდესაც ერთი მალა მეორესთან შედარებით წინ ან უკან არის გადაადგილებული .
  • ზურგის ტვინის დაზიანებები - ტრავმული, დეგენერაციული ან სხვა წარმოშობის ცვლილებები, რომლებიც ზურგის ტვინს აზიანებს.
  • სიმსივნეები და მეტასტაზები - როგორც პირველადი, ისე სხვა ორგანოებიდან გავრცელებული სიმსივნური პროცესები.
  • ინფექციური პროცესები - ხერხემლის, მალთაშუა დისკების ან მიმდებარე ქსოვილების ინფექციები.
  • ანთებითი დაავადებები - მათ შორის ქრონიკული ანთებითი ცვლილებები, რომლებიც ხერხემლის სხვადასხვა სტრუქტურას აზიანებს.
  • ტრავმული დაზიანებები - მოტეხილობები, იოგების დაზიანება, რბილი ქსოვილების ტრავმა და სხვა დაზიანებები.

როგორ ტარდება კვლევა?

კვლევის დაწყებამდე პაციენტი იხსნის ყველა მეტალის ნივთს და წვება ტომოგრაფის მოძრავ მაგიდაზე. იმის მიხედვით, თუ ხერხემლის რომელი მონაკვეთის გამოკვლევა ხდება პაციენტი შესაბამის პოზიციაში თავსდება, რათა გამოსახულება მაქსიმალურად ზუსტი იყოს.

კვლევის დროს მაგიდა ნელა გადაადგილდება ტომოგრაფის აპარატში, სადაც სპეციალური მაგნიტური ველისა და რადიოტალღების საშუალებით მიიღება ხერხემლის დეტალური გამოსახულებები. პროცედურის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი მაქსიმალურად უძრავად იწვეს, რადგან მოძრაობამ შეიძლება გამოსახულების ხარისხი შეამციროს.

აპარატი კვლევის დროს გამოსცემს დამახასიათებელ ხმას. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს გადაეცემა ყურსასმენები ან ყურის დამცავი საცობები. 

ზოგიერთ შემთხვევაში, თუ საჭიროა სისხლძარღვების, სიმსივნური ან ანთებითი პროცესების უფრო დეტალური შეფასება, კვლევა ტარდება კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით, რომელსაც სამედიცინო პერსონალი ვენაში შეჰყავს კვლევის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობისას.

ხერხემლის მრტ-ს ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ხერხემლის რომელი მონაკვეთის გამოკვლევა ხდება. თუმცა პროცედურა, როგორც წესი, 15-45 წუთს გრძელდება. 

როგორ მოვემზადოთ მრტ კვლევისთვის?

კვლევის ჩატარებამდე, როგორც წესი, განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის. თუმცა კვლევის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია, წინასწარ მიაწოდოთ ექიმს ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ორგანიზმში არსებული ნებისმიერი სამედიცინო მოწყობილობის შესახებ.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ:

  • გაქვთ კარდიოსტიმულატორი ან სხვა ელექტრონული იმპლანტი;
  • ორგანიზმში გაქვთ მეტალის იმპლანტი, პროთეზი ან მეტალის ფრაგმენტი;
  • ხართ ორსულად ან არსებობს ორსულობის ეჭვი;
  • წარსულში გქონიათ ალერგიული რეაქცია მრტ-ს დროს გამოყენებულ კონტრასტულ ნივთიერებაზე.

კონტრასტული კვლევის შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა დამატებითი რეკომენდაციებიც გასცეს.

Siemens MAGNETOM Vida 3T - უახლესი თაობის ტომოგრაფი ბოჭორიშვილის კლინიკაში

კლინიკაში ხერხემლის მრტ ტარდება Siemens MAGNETOM Vida 3T აპარატით - ახალი თაობის 3-ტესლიანი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით.

აპარატის ძირითადი უპირატესობებია:

  • 3-ტესლიანი მაგნიტური ველი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი გარჩევადობისა და დეტალიზაციის გამოსახულებებს;
  • BioMatrix ტექნოლოგია ავტომატურად ერგება პაციენტის ინდივიდუალურ ანატომიურ თავისებურებებს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას;
  • სწრაფი სკანირების რეჟიმები, რომლებიც ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას. 
  • ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს და ოპტიმიზაციას უკეთებს კვლევის პროცესს;
  • 70 სმ-იანი ფართო გვირაბი კვლევის დროს მაქსიმალური კომფორტისთვის, მათ შორის კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის;
  • ინტეგრირებული ვიდეოეკრანი, რომლის საშუალებითაც პაციენტს შეუძლია კვლევის მიმდინარეობისას უყუროს სასურველ ვიდეოს;
  • ორთოპედიული მატრასი ამცირებს დისკომფორტს და უზრუნველყოფს კომფორტულ პოზიციას კვლევის დროს.

ეს ტექნოლოგიური შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საჭიროა მალთაშუა დისკების, ზურგის ტვინის, ნერვული ფესვებისა და ხერხემლის სხვა სტრუქტურების მცირე ცვლილებების ზუსტად შეფასება, რაც სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

რა განსხვავებაა ხერხემლის მრტ-სა და კტ-ს შორის?

მრტ(მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) და კტ(კომპიუტერული ტომოგრაფია) ორივე დიაგნოსტიკური კვლევაა, თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა.

მრტ ყველაზე დეტალურად აჩვენებს მალთაშუა დისკებს, ზურგის ტვინს, ნერვულ ფესვებს, იოგებსა და სხვა რბილ ქსოვილებს. ამიტომ ის ხშირად გამოიყენება დისკის თიაქრის, პროტრუზიის, ნერვის კომპრესიისა და სხვა მსგავსი პათოლოგიების გამოსავლენად. მრტ კვლევა იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველსა და რადიოტალღებს დეტალური გამოსახულების მისაღებად.

კტ უკეთ აფასებს ძვლოვან სტრუქტურებს. ის განსაკუთრებით ინფორმაციულია მოტეხილობების, ძვლის დაზიანებებისა და ზოგიერთი სტრუქტურული ცვლილების შეფასებისას. კომპიუტერული ტომოგრაფი იყენებს რენტგენულ სხივებს და კვლევის პროცესი მრტ-სთან შედარებით ხანმოკლეა.

რომელი კვლევაა საჭირო, დამოკიდებულია თქვენს სიმპტომებსა და სავარაუდო დიაგნოზზე. შესაბამის კვლევას ექიმი კლინიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე არჩევს.

დასკვნა

მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა აჩვენებს, რა ხდება მალებში, მალთაშუა დისკებში, ზურგის ტვინსა და ნერვულ სტრუქტურებში. სწორედ ამ კვლევიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება ექიმს პაციენტის მდგომარეობის სწორად შეფასებასა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში.

კვლევის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

032 2 312 112 |  577 22 21 12

📍 ალ. ყაზბეგის 16, თბილისი.