სიახლეები
ტკიპის ნაკბენი საქართველოში: საშიშროება, დაავადებები და პრევენცია - სრული გზამკვლევი
ტკიპის ნაკბენი საქართველოში: საშიშროება, დაავადებები და პრევენცია - სრული გზამკვლევი
საქართველოში გავრცელებული ტკიპების უმეტესობა დაავადების გადამტანი არ არის, თუმცა არსებობს ტკიპის სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ კბენის შედეგად გამოიწვიონ სერიოზული დაავადებები. მათ შორისაა ბორელიოზი (ლაიმის დაავადება) და განსაკუთრებით საშიში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. გასათვალისწინებელია გეოგრაფიული მდებარეობა და ტკიპის ადამიანის სხეულზე დაყოვნების დრო.
ტკიპები ძირითადად ბინადრობენ ტყეში, მინდორში, მაღალ ბალახსა და ტენიან გარემოში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლაშქრობისას ან პიკნიკისას ყოველთვის არის რისკი, ტკიპა მოხვდეს ადამიანის სხეულზე. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის დროულ და სწორ მოცილებას.
ტკიპის ნაკბენით გამოწვეული ძირითადი დაავადებები
ტკიპის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სერიოზული დაავადებები:
-
ბორელიოზი (ლაიმის დაავადება) - სიმპტომები და მიმდინარეობა ბორელიოზის ადრეულ სტადიაზე (რამდენიმე დღიდან 3 კვირამდე) ჩნდება მიგრირებადი ერითემა, ე.წ. „ხარის თვალი“, რომელსაც წვა და ქავილი ახასიათებს. შესაძლოა გამოვლინდეს:
-
თავის ტკივილი
-
კისრის დაჭიმულობა
-
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მიგრირებადი ტკივილი (ართრალგია)
-
ძლიერი სისუსტე
-
კარდიოლოგიური ცვლილებები მკურნალობის არასრულად ან საერთოდ არ ჩატარების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მოგვიანებითი ინფექცია, რომელიც თვეების და წლების შემდეგ იჩენს თავს. მას ახასიათებს:
-
კანის დაზიანება
-
ქრონიკული ართრალგია
-
ქრონიკული ენცეფალომიელიტი
-
პოლირადიკულოპათია
-
ატაქსია
-
ქრონიკული ნეირობორელიოზი
-
-
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება - განსაკუთრებული საფრთხე ეს განსაკუთრებით საშიში დაავადება იწყება ტკიპის კბენიდან 1-3 დღის შემდეგ და ხასიათდება მწვავე მიმდინარეობით:
-
ცხელება, შემცივნება
-
თავის ტკივილი
-
სისუსტე
-
სახსრებისა და კუნთების ტკივილი
-
კონიუნქტივიტი
-
დიარეა, გულისრევა, ღებინება შემდგომში ჩნდება პეტექიური გამონაყარი, სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, სისხლიანი ნახველი, შარდი და განავალი. დაგვიანებული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში, დაავადება ხშირად ლეტალური გამოსავლით სრულდება.
-
როგორ მოვიქცეთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში?
ტკიპის სწორი მოცილება - რატომ არის მნიშვნელოვანი სპეციალისტის ჩარევა?
დაავადებების პრევენციისთვის აუცილებელია, ნაკბენის ან კანზე მიმაგრებული ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტს, ინფექციონისტს. ეს უზრუნველყოფს:
-
სწორ შეფასებას
-
დიაგნოსტირებას
-
კვლევებისა თუ მკურნალობის სქემის დაგეგმვას
სასურველია მიმართოთ სპეციალისტს, რადგან თვითნებურად, არასწორად ტკიპის მოცილებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები. მაგალითად, არასწორად პინცეტის მოჭიდებისას შეიძლება მოვიცილოთ ტკიპის მხოლოდ სხეული და თავი დარჩეს ნაკბენში.
რა არ უნდა გავაკეთოთ ტკიპის მოცილებისას?
კატეგორიულად დაუშვებელია ხალხში გავრცელებული არასწორი მეთოდების გამოყენება:
-
ზეთის დადება
-
სპირტის დადება
-
ანთებული ასანთის დადება
ამ შემთხვევაში კიდევ უფრო იზრდება ინფიცირების რისკი, რადგან შეიძლება მოხდეს დიდი რაოდენობით ინფიცირებული ნერწყვის ნაკბენ არეში გამოდევნა.
პრევენცია და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა
ამგვარად, ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში გადამწყვეტია დროულად მივმართოთ შესაბამის სპეციალისტს, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტირება და სერიოზული გართულებების თავიდან აცილება.
სტატიის ავტორი: აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი - ნინო ალხაზიშვილი.