სიახლეები
თირკმლის მსოფლიო დღე - პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა ბოჭორიშვილის კლინიკაში

თირკმლის მსოფლიო დღე - პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა ბოჭორიშვილის კლინიკაში

12 მარტი 2026
3 წუთი კითხვის დრო
tirkmlis msoflio dge 2026
ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს, მსოფლიო თირკმლის დღეს აღნიშნავს. ეს გლობალური ინიციატივა, რომელიც ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოებისა (ISN) და თირკმლის ფონდების საერთაშორისო ფედერაციის (IFKF) მიერ არის დაფუძნებული, მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ სასიცოცხლო ორგანოს მნიშვნელობაზე.

ბოჭორიშვილის კლინიკა უერთდება საერთაშორისო კამპანიას: „ჯანმრთელი თირკმელი ყველას და ყველგან“, რაც გულისხმობს სამედიცინო სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობას პრევენციიდან დროულ გამოვლინებამდე.

რატომ არის თირკმლის ჯანმრთელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი?

სტატისტიკური მონაცემები საგანგაშოა: მსოფლიოში ყოველ მე-10 ზრდასრულ ადამიანს თირკმლის ქრონიკული დაავადება (CKD) აღენიშნება. დღეისათვის დაახლოებით 850 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ამ პათოლოგიით, ხოლო 2040 წლისთვის ის შესაძლოა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა შორის მე-5 ადგილზე გადავიდეს.

თირკმლის დაავადებების ვერაგობა იმაში მდგომარეობს, რომ ადრეულ სტადიაზე მას სპეციფიკური სიმპტომები არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სკრინინგს - შარდისა და სისხლის მარტივ ანალიზებს, რაც დაავადების დროული მართვისა და გართულებების თავიდან აცილების ერთადერთი გზაა.

რისკ-ფაქტორები და პრევენციის „ოქროს წესები“

თირკმლის პათოლოგიების განვითარების რისკს ზრდის შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, არაჯანსაღი კვება და მავნე ჩვევები. ბოჭორიშვილის კლინიკის სპეციალისტები გირჩევენ:
  • აკონტროლეთ წნევა და გლუკოზის დონე: ეს თირკმლის დაზიანების ორი მთავარი მიზეზია;
  • წყლის ბალანსი: მიიღეთ დღეში 1.5 - 2 ლიტრი წყალი ტოქსინების გამოსადევნად (შარდკენჭოვანი დაავადებისას 2-3 ლიტრი);
  • ჯანსაღი რაციონი: შეამცირეთ მარილის მოხმარება და აკონტროლეთ წონა;
  • ფიზიკური აქტივობა: ადინამია დაავადების პროგრესირების ერთ-ერთი ფაქტორია;
  • მოერიდეთ თვითმკურნალობას: მედიკამენტების გადაჭარბებული და უნებართვო მიღება პირდაპირ აზიანებს თირკმლის ფუნქციას.

დროული დიაგნოსტიკა - გამოსავალია

მიუხედავად იმისა, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადება სრულად არ იკურნება, მისი ადრეული აღმოჩენა იძლევა ეფექტური მართვის შანსს. დროული ინტერვენცია საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ ორგანოს ფუნქცია, თავიდან ავიცილოთ კარდიოვასკულური გართულებები და შევაფერხოთ უკმარისობის ჩამოყალიბება.

გახსოვდეთ, პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომია, ვიდრე მკურნალობა. ბოჭორიშვილის კლინიკა გთავაზობთ სრულ დიაგნოსტიკურ სერვისებს თქვენი თირკმელების ჯანმრთელობისთვის.