ტკიპის ნაკბენი - სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია
ტკიპის ნაკბენი: სიმპტომები, სწორად ამოღება, ბორელიოზისა და ყირიმ-კონგოს ცხელების ნიშნები, მკურნალობა და პრევენცია. კონსულტაცია ბოჭორიშვილის კლინიკაში.

საქართველოში ზაფხულის სეზონზე ტკიპის ნაკბენის შემთხვევები მნიშვნელოვნად იმატებს. ტკიპების აქტიური სეზონი აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება. ამ პერიოდში მათი გავრცელება განსაკუთრებით ხშირია ტყეებში, მინდვრებსა და ბალახიან, ტენიან გარემოში.
საქართველოში გავრცელებული ტკიპების უმეტესობა დაავადების გადამტანი არ არის. თუმცა ზოგიერთ სახეობას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული, ზოგ შემთხვევაში სასიცოცხლოდ საშიში დაავადებები, როგორებიცაა:
- ბორელიოზი (ლაიმის დაავადება);
- ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება.
ტკიპის ნაკბენის სიმპტომები
ხშირად ნაკბენი თავიდან სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, რის გამოც ის შეუმჩნეველი შეიძლება დარჩეს.

ყველაზე გავრცელებული ნიშნები:
- ადგილობრივი სიწითლე, ქავილი ან შეშუპება ნაკბენ ადგილას;
- ცხელება და შემცივნება;
- კუნთების და სახსრების ტკივილი;
- თავის ტკივილი და ძლიერი სისუსტე;
- კისრის დაჭიმულობა;
- კარდიოლოგიური ცვლილებები (ბორელიოზის გართულებების შემთხვევაში);
- ბეჭდისებრი გამონაყარი - „ხარის თვალი“ (ბორელიოზის ყველაზე ადრეული ნიშანი).
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ე.წ. „ხარის თვალის“ ტიპის ბეჭდისებრ გამონაყარს, რომელიც ნაკბენიდან 1-4 კვირის შემდეგ ვითარდება ინფიცირებულ პაციენტთა დაახლოებით 80%-ში. ეს ბორელიოზის (ლაიმის დაავადების) ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია.
როგორ ამოვიღოთ ტკიპა სწორად?
ტკიპის კანიდან დროული მოცილება მნიშვნელოვანია, რადგან ინფექციის გადაცემის რისკი მნიშვნელოვნად იმატებს, როდესაც ის კანზე 36 საათზე მეტ ხანს რჩება.

უსაფრთხო ამოღების წესები:
- გამოიყენეთ მოხრილი პინცეტი;
- მიიტანეთ კანთან მაქსიმალურად ახლოს და ფრთხილად მოეჭიდეთ ტკიპას;
- ფრთხილად ამოქაჩეთ, ბრუნვითი მოძრაობის გარეშე;
- ნაკბენი ადგილი დაამუშავეთ სპირტით ან საპნით და წყლით.
დააკვირდით, მთლიანად არის თუ არა ტკიპა მოცილებული, მათ შორის მისი თავი. თუ ტკიპის თავი კანში დარჩება, შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი ანთება, სიწითლე, შეშუპება და ტკივილი. ასეთ შემთხვევაში იზრდება ინფექციის დამატებითი გართულებების რისკიც.
ტკიპის ამოსაღებად არ გამოიყენოთ ხალხური მეთოდები: ზეთი, ვაზელინი, ცეცხლი - ეს მეთოდები აიძულებს ტკიპას გამოყოს ინფიცირებული ნერწყვი ნაკბენ ადგილში.
ტკიპის ნაკბენით გამოწვეული დაავადებები

ბორელიოზი (ლაიმის დაავადება)
ბორელიოზი ტკიპის კბენისგან გამოწვეული ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. ადრეულ სტადიაზე მას ახასიათებს:
- ბეჭდისებრი მიგრირებადი გამონაყარი („ხარის თვალი“) წვით და ქავილით;
- თავის ტკივილი და კისრის დაჭიმულობა;
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მიგრირებადი ტკივილი;
- ძლიერი სისუსტე.
მკურნალობის გარეშე ბორელიოზი შეიძლება განვითარდეს მოგვიანებით, თვეების ან წლების შემდეგ, და გამოიწვიოს ნერვული სისტემის, გულის ან სახსრების სერიოზული დაზიანება.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განსაკუთრებით საშიში ვირუსული დაავადებაა, რომელიც ტკიპის კბენიდან 1–9 დღის შემდეგ ვლინდება. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- მწვავე ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, სისუსტე;
- სახსრების და კუნთების ტკივილი, კონიუნქტივიტი;
- გულისრევა, ღებინება, დიარეა;
- პეტექიური (ლაქისებრი) გამონაყარი;
- სისხლდენა ღრძილებიდან ან ცხვირიდან;
- სისხლიანი ნახველი, შარდი, ან განავალი.
დაგვიანებული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება შესაძლოა დასრულდეს ფატალური შედეგით. ამიტომ, ნებისმიერი ზემოხსენებული სიმპტომის გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.
მკურნალობა - როდის მივმართოთ ექიმს?
ტკიპის ნაკბენის შემდეგ ინფექციონისტთან ვიზიტი სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში:
- ტკიპა 36 საათზე მეტ ხანს იყო კანზე მიმაგრებული;
- ნაკბენ ადგილს ბეჭდისებრი გამონაყარი გაჩნდა;
- ცხელება, ძლიერი სისუსტე ან სხვა სიმპტომები ნაკბენიდან 1–3 კვირის განმავლობაში;
- ნაკბენ ადგილზე განვითარდა შეშუპება, ტკივილი ან ჩირქოვანი გამონადენი;
- ტკიპის თავი კანში დარჩა ამოღებისას.
პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია ტარდება საჭიროების შემთხვევაში, ინფექციონისტის კონსულტაცია რეკომენდებულია ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის არსებობისას ნაკბენიდან 1–30 დღის განმავლობაში, ხოლო ჰემორაგიული ნიშნების, მაღალი ცხელების ან ზოგადი მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
როგორ ავიცილოთ ტკიპის ნაკბენი?

ტკიპის ნაკბენის თავიდან აცილება შესაძლებელია მარტივი პრევენციული ღონისძიებების დაცვით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი გათვალისწინება ბუნებაში სეირნობისას და აქტიურ სეზონზე.
- ჩაიცვით გრძელმასლიანი ტანსაცმელი ბუნებაში სეირნობისას;
- გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო სპრეი/კრემი;
- სეირნობის შემდეგ ყურადღებით დაათვალიერეთ კანი;
- სახლში შესვლის წინ ტანსაცმელი კარგად დაათვალიერეთ.
ტკიპის ნაკბენი ხშირად უვნებელია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა სერიოზული ინფექციური დაავადებების მიზეზი გახდეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დროული პრევენცია და ადრეული მიმართვა ექიმთან, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები.
სამეცნიერო წყაროები:
- World Health Organization (WHO)
- Centers for Disease Control and Prevention (CDC)
- European Centre for Disease Prevention and Control (ECDC)
სხვა სტატიები
ჩირქოვანი ქირურგია - მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებიჩირქოვანი ქირურგია - მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა - ბოჭორიშვილის კლინიკა
გამონაყარი და ცხელება ბავშვებში - როდის უნდა მივმართოთ ექიმსგამონაყარი ყოველთვის უბრალო ვირუსი არ არის. როგორ განვასხვავოთ ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია, რა სიმპტომებია საგანგაშო და როდის სჭირდება ინფექციონისტის კონსულ
დისტანციური ლითოტრიფსია - კენჭების დაშლა ოპერაციის გარეშეთირკმლისა და შარდსაწვეთის კენჭების დაშლა ოპერაციის გარეშე. გაიგეთ პროცედურის მიმდინარეობა, ჩვენებები და უპირატესობები ბოჭორიშვილის კლინიკაში.
ალცჰაიმერის დაავადება: სიმპტომები და მკურნალობაალცჰაიმერის დაავადება - გამომწვევი მიზეზები, რისკფაქტორები, კოგნიტური და ქცევითი სიმპტომები, დიაგნოსტიკის მეთოდები და მკურნალობის შესაძლებლობები.
უნაყოფობის 7 მთავარი მიზეზიგაიგეთ უნაყოფობის 7 მთავარი მიზეზი ქალებსა და მამაკაცებში. როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის რა თანამედროვე გზებს გთავაზობთ ბოჭორიშვილის კლინიკა.
ლაპაროსკოპიული ოპერაცია: აღდგენა და უპირატესობებიროგორ ტარდება ლაპაროსკოპიული ოპერაცია, რით განსხვავდება ღია ჩარევისგან და რას უნდა ელოდოთ მომზადებისა და აღდგენის პერიოდში.
ხშირად დასმული კითხვები
