გადასვლა ძირითად შიგთავსზე

გამონაყარი და ცხელება ბავშვებში - როდის უნდა მივმართოთ ექიმს

გამონაყარი ყოველთვის უბრალო ვირუსი არ არის. როგორ განვასხვავოთ ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია, რა სიმპტომებია საგანგაშო და როდის სჭირდება ინფექციონისტის კონსულ


17 სექტემბერი 2026
კითხვის დრო 2 წუთი
gamonayari-bavshvebshi-virusuli-tu-bakteriuli

გამონაყარი ბავშვებში  ყოველთვის „უბრალო ვირუსი“ არ არის

ბავშვებში და მოზრდილებში გამონაყარით მიმდინარე დაავადებები ხშირია და მათი ერთმანეთისგან განსხვავება მხოლოდ გარეგნული ნიშნებით ყოველთვის მარტივი არ არის.

რა განსაზღვრავს სწორ დიაგნოზს გამონაყარის დროს

გამონაყარის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული ინფექცია, თუმცა მსგავსი კლინიკური სურათი შეიძლება სხვა დაავადებებსაც ახლდეს. სწორი დიაგნოზი ხშირად განისაზღვრება არა მხოლოდ გამონაყარის ფორმითა და გავრცელებით, არამედ მისი განვითარების თანმიმდევრობითა და თანმხლები სიმპტომებითაც - ცხელებით, ყელის ტკივილით, ხველით, სურდოთი, ლიმფური კვანძების გადიდებით, სისუსტით, სახსრების ტკივილით, ქავილით, კუჭ-ნაწლავის ან სხვა სისტემური გამოვლინებებით.

ვირუსული თუ ბაქტერიული - რატომ არის განსხვავება კრიტიკული

ზოგი ინფექცია მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ არსებობს ისეთი დაავადებებიც, რომელთა დროსაც შესაძლებელია მძიმე მიმდინარეობა და გართულებების განვითარება. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად განვასხვავოთ, გვაქვს თუ არა საქმე ვირუსულ ინფექციასთან, ბაქტერიულ დაავადებასთან ან სხვა მიზეზით გამოწვეულ გამონაყართან - სწორედ ამაზეა დამოკიდებული შემდგომი მართვისა და მკურნალობის ტაქტიკა.

ვაქცინით პრევენცირებადი ინფექციები და წითელას აქტუალობა

თანამედროვე მონაცემებით, გამონაყარით მიმდინარე ზოგიერთი ვაქცინით პრევენცირებადი ინფექცია, განსაკუთრებით წითელა, კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება ევროპასა და მსოფლიოში. მიუხედავად შემთხვევების შემცირებისა, ეპიდაფეთქებების რისკი კვლავ არსებობს.

რას ვურჩევთ მშობლებს?

როდის არის საჭირო დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა

თუ ბავშვს გამონაყართან ერთად აქვს მაღალი ან ხანგრძლივი ცხელება, ძლიერი სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, განმეორებითი ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი, ძილიანობა, სისხლჩაქცევის მსგავსი გამონაყარი ან სწრაფად უარესდება მისი ზოგადი მდგომარეობა - აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

რატომ არ უნდა დაიწყოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანტიბიოტიკი თვითნებურად არ დაიწყოთ - ვირუსული ინფექციის დროს ის ეფექტური არ არის, ხოლო არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გაართულოს როგორც დიაგნოსტიკა, ისე შემდგომი მკურნალობა.

გამონაყრის სწორად შეფასება, დაავადების მიზეზის დროული დადგენა და შესაბამისი მართვა გართულებების პრევენციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ინფექციონისტის კონსულტაცია - როდის არის აუცილებელი

ინფექციონისტის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც დიაგნოზი არ არის ერთმნიშვნელოვანი, გამონაყარი პროგრესირებს ან მას თან ახლავს სხვა საყურადღებო სიმპტომები.

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები