გადასვლა ძირითად შიგთავსზე

ალცჰაიმერის დაავადება: სიმპტომები და მკურნალობა

ალცჰაიმერის დაავადება - გამომწვევი მიზეზები, რისკფაქტორები, კოგნიტური და ქცევითი სიმპტომები, დიაგნოსტიკის მეთოდები და მკურნალობის შესაძლებლობები.


ავტორი: ბოჭორიშვილის კლინიკა
24 სექტემბერი 2026
კითხვის დრო 5 წუთი
alchaimeris-daavadeba-simptomebi-mkurnaloba

ალცჰაიმერის დაავადება: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ალჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ხასიათდება მეხსიერებისა და სხვა კოგნიტური ფუნქციების - მათ შორის მეტყველების, აღმასრულებელი ფუნქციების, ვიზუალურ-სივრცითი უნარებისა და ქცევის - პროგრესირებადი გაუარესებით.

alchaimeris-daavadeba-simptomebi-mkurnaloba-movla

ალცჰაიმერის დაავადება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობის დაბერების პარალელურად, მისი გავრცელების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი. ალცჰაიმერის დაავადება ხანდაზმულებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია და დაკავშირებულია მომვლელთა მნიშვნელოვან ტვირთთან, შრომისუუნარობასთან, სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსების საჭიროებასა და ჯანდაცვის ხარჯების ზრდასთან.

ალცჰაიმერის დაავადების გავრცელება და მიზეზები

alchaimeris-daavadebis-gavrceleba-da-mizezebi

დაავადების სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. ალცჰაიმერის დაავადება აღენიშნება 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა დაახლოებით 5%-ს, ხოლო 85 წელზე უფროსი ასაკის პირთა შორის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ს შეადგენს. დაავადების პათოლოგიურ ნიშნებს შორისაა ამილოიდური ფოლაქები, ნეიროფიბრილური წნულები, ასევე სინაფსებისა და ნეირონების კარგვა. დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ტვინში მიმდინარე მოლეკულური დარღვევები მოიცავს ბეტა-ამილოიდის (პეპტიდის) დაგროვებას უჯრედგარე სივრცეში და ანომალიურად ფოსფორილირებული ცილის, ტაუს (tau),  დაგროვებას ნეირონების შიგნით, ე.წ. კონების სახით.

გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა

alchaimeris-genetikuri-faqtorebbi-da-ojaxuri-mdgomareoba

ალცჰაიმერი ძირითადად „სპორადული“ და აუტოსომურ-დომინანტური ფორმებით გვხვდება. უპირატესად, ალცჰაიმერი არ გულისხმობს ერთგენიანი მემკვიდრეობითობას (შემთხვევათა >99.9%) და, შესაბამისად, შემთხვევათა უმეტესობა სპორადულად ითვლება. თუმცა, ამ სპორადულ შემთხვევებშიც კი, ალცჰაიმერის რისკის დიდი ნაწილი კვლავ გენეტიკურია. 

ალცჰაიმერის რისკზე გავლენას ახდენს ერთი ძირითადი გენის, APOE-ს, და კიდევ 30-ზე მეტი სხვა გენის ვარიანტები. სამი გენი პასუხისმგებელია აუტოსომურ-დომინანტურ, ძირითადად ახალგაზრდებში დაწყებულ ალცჰაიმერზე. 

არსებობს APOE-ს და ამ სამი გენის გენეტიკური ტესტები ხანდაზმულ პირებში ალცჰაიმერის დაავადების დაწყების რისკში ჩართული მთავარი გენი არის APOE, რომელიც არ არის გამომწვევი გენი, მაგრამ ძლიერ გავლენას ახდენს რისკზე, განსაკუთრებით 60-80 წლის ასაკის პირებში. APOE გენი, რომელიც მე-19 ქრომოსომაზეა, სამ ალელური ვარიანტით გვხვდება.

ალცჰაიმერის დაავადების რისკფაქტორები

ალჰაიმერის დაავადების რისკის ერთადერთი დადასტურებული ფაქტორებია გენეტიკური ფაქტორები და ასაკი. ქალებში ალცჰეიმერის დაავადება უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში, თუმცა ეს, სავარაუდოდ, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. 

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა შეისწავლა გარემოსთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქცევასთან დაკავშირებული რისკის მრავალი ფაქტორი, თუმცა არცერთ მათგანზე არ დადასტურებულა მყარი კავშირი დაავადების განვითარების გაზრდილ რისკთან; ეს ეხება თავის ტრავმასა და ინფექციურ დაავადებებსაც. 

არსებობს გარკვეული მონაცემები იმის შესახებ, რომ განათლება ან დაავადების გამოვლენამდე არსებული ინტელექტუალური მიღწევები დამცავ როლს ასრულებს.

ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები

alchaimeri-daavadebis-simptomebi

ალცჰაიმერის დაავადებას ახასიათებს ინტელექტუალური ფუნქციების თანდათანობითი და პროგრესირებადი დაქვეითება. როგორც წესი, მეხსიერების დარღვევა დაავადების ყველაზე ადრეული და წამყვანი ნიშანია. ასევე ვითარდება განსჯის უნარისა და პრობლემების გადაჭრის უნარის დაქვეითება, ენის, ვიზუალურ სივრცითი უნარებისა და აღმასრულებელი ფუნქციების დარღვევა.

ალცჰაიმერის დაავადების ნაკლებად გავრცელებული ფორმები, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ასაკში, მოიცავს:

  • ენობრივად დომინანტურ სიმპტომებს, რომლებსაც სინდრომულად ეწოდება პირველადი პროგრესირებადი აფაზია, განსაკუთრებით მისი ლოგოპენიური ტიპი;
  • ქერქულ ვიზუალურ დარღვევებს, რომლებსაც სინდრომულად ეწოდება უკანა ქერქის ატროფია

ზოგადად, ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები შეიძლება დაიყოს კოგნიტურ და ქცევით/არაკოგნიტურ სიმპტომებად.

კოგნიტური სიმპტომები

  • მეხსიერების ცვლილებები: ნივთების დაკარგვა ან არასწორ ადგილას დადება, შეხვედრების/დანიშნულებების დავიწყება, ერთი და იმავე ამბის ან კითხვის განმეორებით მოყოლა/დასმა.
  • განსჯის უნარის დაქვეითება: მაგალითად, ფულის ან ნივთების დამალვა.
  • აბსტრაქტული აზროვნების დარღვევა.
  • მეტყველების დარღვევა: სიტყვების მოძებნის გაძნელება ან ანომია (საჭირო სიტყვის დასახელების შეუძლებლობა).
  • დროისა და ადგილის მიმართ ორიენტაციის დარღვევა.
  • პრაქსისის დარღვევა: ადრე ნასწავლი მოქმედებების შესრულების გაძნელება, მაგალითად, მექანიკური მოწყობილობების, პულტების, ტელეფონების და სხვა მსგავსი ნივთების გამოყენების პრობლემა.
  • ყურადღების დაქვეითება.

არაკოგნიტური გამოვლინებები

  • პიროვნებისა და განწყობის უარყოფითი ცვლილებები: აპათია, სოციალური იზოლაცია/ჩაკეტილობა და დეპრესია.
  • პიროვნების დადებითი ტიპის ცვლილებები: ბრაზი, გაღიზიანებადობა, აგრესია, მოუსვენრობა და აგზნება.
  • ფსიქოზური ქცევა: მაგალითად, ბოდვითი იდეები (ხშირად პარანოიდული ხასიათის) და ჰალუცინაციები.
  • ფსიქომოტორული ან ძილის ცვლილებები: უმიზეზოდ ხეტიალი, საღამოს პერიოდში სიმპტომების გაძლიერება, უძილობა და დღის განმავლობაში ძილიანობა.

ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტიკა

alchaimeris-daavadebis-diagnostika

დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ფსიქიკური სტატუსის შეფასება. ერთ-ერთი სტრუქტურირებული ტესტი ფსიქიკური სტატუსის შესაფასებლად არის მინი-მენტალური სტატუსის გამოკვლევა (MMSE - Mini-Mental State Examination). ფართოდ გამოიყენება ასევე მონრეალის კოგნიტური შეფასება (MoCA - Montreal Cognitive Assessment).

ლაბორატორიული კვლევები

დემენციის შეფასებისას ტარდება სისხლის ანალიზები, მათ შორის:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ელექტროლიტები;
  • თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები;
  • ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტები;
  • ვიტამინ B12-ის დონე.

ამ კვლევების მიზანია გამოირიცხოს სხვადასხვა სამედიცინო ან მეტაბოლური დარღვევა, რომლებმაც შესაძლოა კოგნიტურ ფუნქციაზე უარყოფითად იმოქმედოს.

კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა ლაბორატორიული კვლევებიც, მაგალითად:

  • ლაიმის დაავადების ტესტირება;
  • სიფილისის ტესტირება;
  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ESR);
  • პარანეოპლასტური ანტისხეულების/მარკერების პანელი;
  • HIV-ის ტესტირება.

ლუმბალური პუნქცია და ბიომარკერები

ლუმბალური პუნქცია ხშირად ტარდება ორი ძირითადი მიზეზით:

  1. ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი, ინფექციური ან სიმსივნური დაავადებების გამოსარიცხად;
  2. იმის გამო, რომ ბიომარკერების გამოკვლევამ შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ალცჰაიმერის დაავადების კლინიკური დიაგნოზი.

ცერებროსპინალურ სითხეში β-ამილოიდი-42 (Aβ42), როგორც წესი, დაქვეითებულია, ხოლო საერთო ტაუ (total tau) და ფოსფორილირებული ტაუ (phosphorylated tau), ჩვეულებრივ, მომატებულია.

ეს ცვლილებები შეიძლება გამოვლინდეს ალცჰაიმერის დაავადების ყველაზე ადრეულ ეტაპზეც კი.

თავის ტვინის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

tavis-tvinis-kompiuteruli-da-magnitur-rezonansuli-tomografia-alchaimeris-dros

დემენციის მქონე პაციენტის შეფასებისას რეკომენდებულია თავის ტვინის სტრუქტურული გამოსახულების მიღება:

  • კომპიუტერული ტომოგრაფიით (CT) ან
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRI).

ამ კვლევებით შესაძლებელია გამოვლინდეს:

  • ინსულტის შემდგომი ცვლილებები;
  • სიმსივნეები;
  • აბსცესები;
  • ჰიდროცეფალია;

რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს კოგნიტური სიმპტომების განვითარებას.

ზოგადად, MRI უპირატესად გამოიყენება, რადგან ის თავის ტვინის სტრუქტურების უფრო მგრძნობიარე შეფასების საშუალებას იძლევა.

ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა და მართვა

alchaimeris-daavadebis-mkurnaloba-da-martva

ალცჰეიმერის დაავადების მართვა მოიცავს არაფარმაკოლოგიურ ღონისძიებებს, სიმპტომურ თერაპიას, ქცევითი და ნეიროფსიქიატრიული სიმპტომების მკურნალობას, მომვლელთა მხარდაჭერას და, შერჩეულ პაციენტებში, დაავადების მიმდინარეობის შემცვლელ (მოდიფიცირებად) თერაპიას.

მკურნალობის მიზნებია კოგნიტური და ფუნქციური უნარების შენარჩუნება, ქცევითი სიმპტომების შემცირება, ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება, ასევე მომვლელთა მხარდაჭერა და გრძელვადიანი მოვლის დაგეგმვა.

ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები და მემანტინი უზრუნველყოფს ზომიერ სიმპტომურ სარგებელს დაავადების სხვადასხვა სტადიაზე. ანტიამილოიდური მონოკლონური ანტისხეულები წარმოადგენს დაავადების მიმდინარეობის შემცვლელ ვარიანტებს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ალცჰაიმერის დაავადების ადრეული სიმპტომური სტადია და დადასტურებული აქვთ ამილოიდური პათოლოგია

ალცჰაიმერის დაავადების მიმდინარეობა

alchaimeris-daavadebis-mimdinareoba

როგორც წესი, ალცჰაიმერის დაავადება (AD) ნელა და თანდათანობით პროგრესირებადი პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს 10-20-წლიანი პრეკლინიკური ფაზა; მას მოსდევს მსუბუქი კოგნიტური დარღვევების ფაზა (რამდენიმე წლის განმავლობაში), შემდეგ კი დგინდება ალცჰაიმერის დემენციის დიაგნოზი. 

დაავადების ხანგრძლივობა დიაგნოზის დასმის მომენტიდან შესაძლოა 15-დან 20 წლამდე მერყეობდეს. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ალცჰაიმერის დაავადების ბიომარკერები შესაძლოა გამოვლინდეს პირველი სიმპტომების გამოჩენამდე 20 წლით ადრეც კი. ზოგადად, ალცჰაიმერის დაავადების მიმდინარეობისას ყველაზე მეტად მეხსიერება ზიანდება, თუმცა ასევე ირღვევა ვიზუალურ-სივრცითი, აღმასრულებელი და მეტყველების უნარები. საბოლოო ჯამში, თუ პაციენტები საკმარისად დიდხანს ცოცხლობენ, ისინი შესაძლოა მივიდნენ მდგომარეობამდე, როდესაც კარგავენ მეტყველებისა და დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს; საბოლოო ლეტალური გამოსავალი კი ხშირად განპირობებულია პნევმონიით, ნაწოლებით (კანის წყლულებით) ან შარდგამომყოფი გზების ინფექციებით.


დროული შეფასება დაგეხმარებათ სიმპტომების მიზეზის გარკვევასა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში.

ბოჭორიშვილის კლინიკაში კონსულტაციის შესახებ ინფორმაციისა და ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 312 112 ან ეწვიეთ საკონტაქტო გვერდს.

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები