ბლოგი
წყლულოვანი კოლიტი - სიმპტომები, დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა
წყლულოვანი კოლიტი - სიმპტომები, დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა
რა არის წყლულოვანი კოლიტი?
წყლულოვანი კოლიტი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) ჯგუფს მიეკუთვნება. დაავადება ხასიათდება მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მუდმივი ან განმეორებადი ანთებით ცვლილებებით.
წყლულოვანი კოლიტის ფორმები გავრცელების მიხედვით
წყლულოვანი კოლიტი აზიანებს მხოლოდ მსხვილ ნაწლავს და სწორ ნაწლავს.
დაზიანება შეიძლება იყოს:
- მხოლოდ სწორი ნაწლავის (პროქტიტი);
- მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნახევარი;
- მთელი მსხვილი ნაწლავის (პანკოლიტი).
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღეს უცნობია. თუმცა თანამედროვე გაიდლაინებისა და უახლეს კვლევებზე დაყრდნობით ამ პროცესში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს:
- გენეტიკური ფაქტორები - თუ ოჯახში ვინმეს აქვს ნაწლავის ანთებითი დაავადებები - რისკი მატულობს. თუმცა მიუხედავად გენეტიკური გავლენისა, წყლულოვანი კოლიტი არ არის პირდაპირ მემკვიდრეობითი დაავადება. ოჯახის წევრებში დაავადების არსებობა მხოლოდ ზრდის რისკს და არ ნიშნავს, რომ დაავადება აუცილებლად განვითარდება.
- იმუნური სისტემის დარღვევა - იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურდება ნაწლავის მიმართ.
- ნაწლავის მიკრობიომის ცვლილება - ნაწლავის მიკრობიოტის დისბალანსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანთებითი პროცესების განვითარებაში.
- გარემო ფაქტორები - ზოგიერთი მედიკამენტი, ინფექციები, ცხოვრების სტილი.

წყლულოვანი კოლიტის სიმპტომები
წყლულოვანი კოლიტის კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია დაავადების გავრცელებასა და ანთების აქტივობაზე.
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
- სისხლიანი დიარეა - რომლის სიხშირე დაავადების აქტივობის მიხედვით შეიძლება, მერყეობდეს დღეში რამდენიმე ეპიზოდიდან 10-ზე მეტ დეფეკაციამდე;
- ლორწოს გამოყოფა;
- დეფეკაციის გადაუდებელი მოთხოვნილება;
- ტენეზმები (დეფეკაციის ცრუ მოთხოვნილება);
- მუცლის სპაზმური ტკივილი.
დაავადების აქტიურ ფაზაში შესაძლოა აღინიშნებოდეს:
- ღამის დიარეა, დაღლილობა;
- სისუსტე;
- მადის დაქვეითება;
- წონის კლება;
- რკინადეფიციტური ანემია.

წყლულოვანი კოლიტი მხოლოდ ნაწლავით არ შემოიფარგლება. პაციენტების გარკვეულ ნაწილში ვითარდება ნაწლავგარე გამოვლინებები, რომლებიც შეიძლება, გამოვლინდეს დაავადების აქტივობასთან ერთად ან დამოუკიდებლადაც.
ყველაზე ხშირი ნაწლავგარე გამოვლინებებია:
- სახსრების დაზიანება - ართრალგია, პერიფერიული ართრიტი, საკროილეიტი და სპონდილოართროპათია;
- კანის დაზიანება - კვანძოვანი ერითემა და პიოდერმა განგრენოზუმი;
- თვალის დაზიანება - ეპისკლერიტი და უვეიტი;
- ჰეპატობილიარული სისტემის დაზიანება - პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი.
ნაწლავგარე გამოვლინებების დროული ამოცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხშირად საჭიროებენ მულტიდისციპლინურ მიდგომას გასტროენტეროლოგის, რევმატოლოგის, ოფთალმოლოგისა და დერმატოლოგის მონაწილეობით.
როგორ ხდება წყლულოვანი კოლიტის დიაგნოსტიკა?
წყლულოვანი კოლიტის დიაგნოზის დადგენა ემყარება შემდეგ მონაცემებს:
- კლინიკური სიმპტომები;
- ლაბორატორიული კვლევები;
- ენდოსკოპიური კვლევები;
- ჰისტოლოგიური კვლევები.

ვიზუალიზაციური კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ან ენტეროგრაფია) გამოიყენება გართულებების შესაფასებლად და დიფერენციული დიაგნოსტიკის პროცესში.
არ არსებობს ერთი კონკრეტული ანალიზი, რომელიც დამოუკიდებლად ადასტურებს ან გამორიცხავს დაავადებას. წყლულოვანი კოლიტის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა კოლონოსკოპია მრავალწერტილოვანი ბიოფსიების აღებით, რაც ანთების გავრცელების, აქტივობისა და დამახასიათებელი მორფოლოგიური ცვლილებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
პარალელურად, ნაწლავის ანთების შესაფასებლად აუცილებელია ინფექციური ეტიოლოგიის გამორიცხვა და ფეკალური კალპროტექტინის განსაზღვრა.
წყლულოვანი კოლიტის მკურნალობა
წყლულოვანი კოლიტის მკურნალობა ეფუძნება ინდივიდუალურ და მიზანზე ორიენტირებულ მიდგომას. რაც გულისხმობს, რომ მკურნალობის გეგმა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. არ არსებობს უნივერსალური სქემა, რომელიც ყველა პაციენტისთვის ერთნაირად ეფექტური იქნება.
მკურნალობის შერჩევისას გათვალისწინებულია:
- დაავადების გავრცელება;
- ანთების აქტივობა;
- სიმპტომების სიმძიმე;
- ენდოსკოპიური სურათი;
- ნაწლავგარე გამოვლინებების არსებობა;
- პაციენტის ასაკი;
- თანმხლები დაავადებები;
- წინა მკურნალობაზე მიღებული პასუხი.
სწორედ ამიტომ, ერთი და იმავე დიაგნოზის მქონე ორ პაციენტს შეიძლება სრულიად განსხვავებული მკურნალობის ტაქტიკა დასჭირდეს.
თანამედროვე მიდგომა მხოლოდ სიმპტომების შემცირებით არ შემოიფარგლება.
მკურნალობა მიმართულია:
- ნაწლავის ანთების მაქსიმალურ კონტროლზე;
- ლორწოვან გარსზე არსებული ანთებითი ცვლილებების, ეროზიებისა და წყლულების შეხორცებაზე;
- დაავადების გამწვავებების პრევენციაზე;
- ჰოსპიტალიზაციისა და ქირურგიული ჩარევის რისკის შემცირებაზე;
- ასევე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მკურნალობის ეფექტურობა რეგულარულად ფასდება კლინიკური მდგომარეობის, ლაბორატორიული მაჩვენებლების, ფეკალური კალპროტექტინისა და საჭიროების შემთხვევაში ენდოსკოპიური კვლევის საფუძველზე. თუ მიღებული შედეგი არასაკმარისია, მკურნალობის სქემა გადაიხედება და ინდივიდუალურად კორექტირდება.
კვება წყლულოვანი კოლიტის დროს
კვება წყლულოვანი კოლიტის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ არც ერთი დიეტა არ წარმოადგენს დაავადების მკურნალობის დამოუკიდებელ მეთოდს და ვერ ჩაანაცვლებს მედიკამენტურ თერაპიას.
კვების რეკომენდაციები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პაციენტის კვებითი სტატუსის, სიმპტომებისა და დაავადების აქტივობის გათვალისწინებით.
რემისიის პერიოდში რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილების, ვიტამინების, მინერალებისა და ენერგიის მიღებას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვებითი დეფიციტების პრევენციას, რადგან ხანგრძლივი ანთება, დიარეა და მადის დაქვეითება ზოგიერთ პაციენტში შეიძლება დაკავშირებული იყოს ანემიისა და ვიტამინური დეფიციტების განვითარებასთან.
დაავადების გამწვავების დროს გარკვეული პროდუქტები შესაძლოა აძლიერებდეს სიმპტომებს, როგორიცაა:
- დიარეა;
- შებერილობა;
- მუცლის ტკივილი.
ასეთ შემთხვევებში კვებითი რეკომენდაციები ინდივიდუალურად განისაზღვრება და შესაძლოა დროებით საჭირო გახდეს რთულად მოსანელებელი ან უხეში ბოჭკოს შემცველი საკვების შეზღუდვა. თუმცა თანამედროვე მიდგომა არ უჭერს მხარს საკვების ფართო და ხანგრძლივ გამორიცხვას მკაფიო სამედიცინო მიზეზის გარეშე.
რეკომენდებულია, პაციენტები დააკვირდნენ, რომელი პროდუქტები აძლიერებს ან ამცირებს მათ სიმპტომებს, რადგან კვებითი ტოლერანტობა ინდივიდუალურია.
საკმარისი სითხის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიარეის დროს - რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოება და ელექტროლიტური დარღვევები.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
წყლულოვანი კოლიტი გადამდებია?
არა, წყლულოვანი კოლიტი გადამდები არ არის. ეს არაა ინფექციური დაავადება და არ გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე - არც კონტაქტით, არც სქესობრივი გზით და არც საკვებით.
შესაძლებელია წყლულოვანი კოლიტის სრული განკურნება?
თანამედროვე მედიცინის პირობებში წყლულოვანი კოლიტის მედიკამენტური გზით სრული განკურნება ჯერ კიდევ შეუძლებელია, თუმცა უმეტეს პაციენტში შესაძლებელია დაავადების ხანგრძლივი და ეფექტური კონტროლი.
სწორი მკურნალობისა და რეგულარული მონიტორინგის პირობებში ბევრი პაციენტი აღწევს ღრმა რემისიას და ინარჩუნებს ცხოვრების მაღალ ხარისხს მრავალი წლის განმავლობაში.
შესაძლებელია ორსულობა წყლულოვანი კოლიტის დროს?
წყლულოვანი კოლიტის მქონე ქალებში ორსულობა უმეტეს შემთხვევაში უსაფრთხოდ და წარმატებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით დაავადების რემისიის პერიოდში. ორსულობის დაგეგმვა, რეგულარული მონიტორინგი და მკურნალობის სწორი მართვა წარმოადგენს ჯანმრთელი ორსულობისა და მშობიარობის მნიშვნელოვან საფუძველს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ შეწყვიტოს დანიშნული მკურნალობა თვითნებურად. რადგან ხშირ შემთხვევაში დაავადების გამწვავება გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის როგორც დედას, ისე ნაყოფს, ვიდრე შესაბამისი თერაპიის გაგრძელება. ორსულობის დაგეგმვა და მართვა უნდა ხდებოდეს გასტროენტეროლოგისა და მეან-გინეკოლოგის მჭიდრო თანამშრომლობით.
წყლულოვანი კოლიტი იწვევს კიბოს?
წყლულოვანი კოლიტის დროს პაციენტების უმრავლესობას კიბო არ უვითარდებათ. თუმცა კოლორექტული კიბოს განვითარების რისკი განსაკუთრებით იზრდება დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის, ფართოდ გავრცელებული კოლიტისა და მუდმივად აქტიური ანთების შემთხვევაში.
მიუხედავად ამისა, რეგულარული კოლონოსკოპიური მეთვალყურეობისა და თანამედროვე მკურნალობის პირობებში, პაციენტების უმრავლესობაში კიბოს განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
დასკვნა
წყლულოვანი კოლიტი წარმოადგენს ქრონიკულ იმუნომედიირებულ დაავადებას, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ მონიტორინგსა და ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობას. თანამედროვე დიაგნოსტიკისა და თერაპიის პირობებში პაციენტების უმრავლესობაში შესაძლებელია დაავადების ეფექტური კონტროლი, ხანგრძლივი რემისიის მიღწევა და ცხოვრების მაღალი ხარისხის შენარჩუნება.
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს აღგენიშნებათ წყლულოვანი კოლიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, განსაკუთრებით სისხლიანი დიარეა - მნიშვნელოვანია, დროულად მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ხელმისაწვდომია წყლულოვანი კოლიტის თანამედროვე დიაგნოსტიკა, ენდოსკოპიური კვლევები, ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური შეფასება და საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული ინდივიდუალური მკურნალობის დაგეგმვა.
კონსულტაციის დასაჯავშნად: ☎ 032 2 312 112
ავტორი:
ექიმი გასტროენტეროლოგი - ნათია რაზმაძე
ქართული
English
Русский