ბლოგი
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ)
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ)
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია(მრტ) თანამედროვე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ინფორმაციული კვლევაა. მრტ საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს თავის ტვინის სტრუქტურა, სისხლძარღვები და მიმდებარე ქსოვილები, რაც მრავალი ნევროლოგიური დაავადების დროული აღმოჩენის საწინდარია.
კვლევა არ იყენებს მაიონებელ გამოსხივებას და ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების საშუალებით ქმნის მაღალი ხარისხის გამოსახულებებს. სწორედ ამიტომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია(მრტ) განსაკუთრებით ეფექტურია იმ პათოლოგიების დიაგნოსტიკაში, რომლებიც კომპიუტერულ ტომოგრაფით(კტ) ყოველთვის სრულყოფილად არ ჩანს.
თავის ტვინის მრტ - რას მოიცავს კვლევა?
მრტ წარმოადგენს არაინვაზიურ კვლევას, რომლის საშუალებითაც ექიმს შეუძლია დეტალურად შეაფასოს:
- თავის ტვინის სხვადასხვა უბანი - მათი სტრუქტურა, სიმეტრია და ისეთი ცვლილებები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებასთან, ტრავმასთან ან სხვა პათოლოგიებთან.
- ტვინის პარკუჭოვანი სისტემა - პარკუჭების ზომა, ფორმა და მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანია, მაგალითად, ჰიდროცეფალიის და ცერებროსპინალური სითხის ცირკულაციის დარღვევების შეფასებისთვის.
- სისხლძარღვები - სისხლძარღვების აგებულება და მდგომარეობა, რაც ხელს უწყობს ისეთი პათოლოგიების გამოვლენას, როგორიცაა ანევრიზმა, სისხლძარღვოვანი მალფორმაცია ან სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
- თავის ქალის შიგნით არსებული პათოლოგიური ცვლილებები - მათ შორის სიმსივნური წარმონაქმნები, ანთებითი პროცესები, სისხლჩაქცევები, კისტები და სხვა ცვლილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს თავის ტვინის ფუნქციონირებაზე.
კვლევა გამოიყენება როგორც დაავადების პირველად გამოსავლენად, ასევე უკვე დადგენილი დიაგნოზის მონიტორინგისა და მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.
როდის ინიშნება თავის ტვინის მრტ?
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ინიშნება მაშინ, როდესაც თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დეტალური შეფასებაა საჭირო. კვლევა ექიმს ეხმარება როგორც სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკაში, ისე უკვე დადგენილი პათოლოგიის მიმდინარეობისა და მკურნალობის შედეგების შეფასებაში.
ექიმმა თავის ტვინის მრტ შესაძლოა დანიშნოს, თუ პაციენტს აღენიშნება:
- ძლიერი, ხანგრძლივი ან განმეორებითი თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა;
- გონების დაკარგვა;
- კრუნჩხვითი ეპიზოდები;
- მხედველობის ან სმენის უეცარი ან პროგრესირებადი დარღვევა;
- მეტყველების გაძნელება ან სხვა ნევროლოგიური სიმპტომები;
- კიდურების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან სისუსტე;
- მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
- თავის ტრავმა;
- ეჭვი ინსულტზე ან სხვა მწვავე ნევროლოგიურ მდგომარეობაზე.
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ასევე გამოიყენება უკვე დიაგნოსტირებული ნევროლოგიური დაავადებების მონიტორინგისთვის და მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.
რა დაავადებების გამოვლენა შეუძლია თავის ტვინის მრტ-ს?
თავის ტვინის მრტ გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური, სისხლძარღვოვანი, ინფექციური და ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკისთვის.
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია გამოვლინდეს:
- თავის ტვინის სიმსივნეები - მათი ლოკალიზაცია, ზომა და მიმდებარე ქსოვილებთან ურთიერთობა;
- ინსულტი - როგორც მწვავე, ისე გადატანილი იშემიური ან ჰემორაგიული ცვლილებები;
- გაფანტული სკლეროზი - ცენტრალური ნერვული სისტემის დამახასიათებელი დაზიანებები;
- ანევრიზმები და სისხლძარღვოვანი მალფორმაციები - სისხლძარღვების სტრუქტურული ცვლილებები;
- სისხლჩაქცევები და ტრავმული დაზიანებები - ტრავმის შედეგად განვითარებული სისხლჩაქცევებისა და თავის ტვინის სხვა დაზიანებების გამოსავლენად;
- ანთებითი და ინფექციური პროცესები - რომლებიც აზიანებენ თავის ტვინს ან მის გარსებს;
- თანდაყოლილი ანომალიები - თავის ტვინის განვითარების თანდაყოლილი დარღვევებისა და ანატომიური თავისებურებების შეფასებისთვის;
- ჰიდროცეფალია - თავის ტვინის პარკუჭოვან სისტემაში სითხის დაგროვებით გამოწვეული ცვლილებები;
როგორ ტარდება კვლევა?
კვლევის დაწყებამდე პაციენტი იხსნის ყველა მეტალის ნივთს, რის შემდეგაც წვება ტომოგრაფის მოძრავ მაგიდაზე.
მაგიდა ნელა გადაადგილდება სკანერის გვირაბში. პროცედურის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, პაციენტმა სრული უმოძრაობა შეინარჩუნოს, რადგან მოძრაობამ შესაძლოა გამოსახულების ხარისხზე გავლენა მოახდინოს.
კვლევისას აპარატი გამოსცემს მისთვის დამახასიათებელ ხმებს, ამ დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად პაციენტს გადაეცემა სპეციალური ყურსასმენები ან ყურის დამცავები.
ზოგიერთ შემთხვევაში კვლევა ტარდება კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით, რომელიც ვენაში შეჰყავთ. ეს ექიმს ორგანოებისა და ქსოვილების კიდევ უფრო დეტალურად შეფასებაში ეხმარება.
კვლევის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოსაკვლევ უბანსა და კვლევის ტიპზე, მაგრამ ჩვეულებრივ 15-45 წუთს შეადგენს.
როგორ მოვემზადოთ მრტ კვლევისთვის?
უმეტეს შემთხვევაში კვლევისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
თუმცა, კვლევის წინ მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ, თუ:
- გაქვთ კარდიოსტიმულატორი;
- ორგანიზმში მოთავსებულია მეტალის იმპლანტი;
- ორსულად ხართ ან ორსულობაზე გაქვთ ეჭვი;
- ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია კონტრასტულ ნივთიერებაზე.
თუ დაგეგმილია კონტრასტული კვლევა, ექიმმა შესაძლოა დამატებითი რეკომენდაციებიც გასცეს.
Siemens MAGNETOM Vida 3T - მაღალი სიზუსტის ტომოგრაფი ბოჭორიშვილის კლინიკაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში თავის ტვინის მრტ სრულდება Siemens MAGNETOM Vida 3T ტომოგრაფით, რომელიც უახლესი თაობის 3-ტესლიანი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
აპარატის უპირატესობებია:
- 3-ტესლიანი მაღალი მაგნიტური ველი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებებს;
- BioMatrix Technology ერგება თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ ანატომიას.
- სწრაფი სკანირების რეჟიმები ამცირებენ კვლევის ხანგრძლივობას;
- ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებასა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს;
- 70 სმ-იანი ფართო გვირაბი პაციენტისთვის მეტ კომფორტს ქმნის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კლაუსტროფობია აქვთ;
- ინტეგრირებული ვიდეოეკრანი, სადაც პაციენტს შეუძლია სასურველი ვიდეოს ყურება კვლევის პროცესში.
- ორთოპედიული მატრასი ამცირებს დისკომფორტს ხანგრძლივი კვლევის დროს.
ეს ტექნოლოგიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საჭიროა თავის ტვინის მცირე სტრუქტურული ცვლილებების ზუსტი შეფასება.
რა განსხვავებაა თავის ტვინის მრტ-სა და კტ-ს შორის?
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია(მრტ) და კომპიუტერული ტომოგრაფია(კტ) სხვადასხვა პრინციპზე დაფუძნებული კვლევებია და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს.
მრტ იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველსა და რადიოტალღებს, რის შედეგადაც მიიღება თავის ტვინის რბილი ქსოვილების მაღალი დეტალიზაციის გამოსახულებები. ის განსაკუთრებით ეფექტურია სიმსივნეების, ანთებითი დაავადებების, ეპილეფსიის, ქრონიკული სისხლძარღვოვანი ცვლილებებისა და სხვა ნევროლოგიური პათოლოგიების შეფასებისას.
კტ იყენებს რენტგენულ სხივებს და კვლევის პროცესი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე მრტ კვლევა, რის გამოც ხშირად პირველადი არჩევანია გადაუდებელ სიტუაციებში, მაგალითად, თავის ტრავმის, მწვავე სისხლჩაქცევის ან ქალას ძვლების დაზიანების შეფასებისას.
თუ საჭიროა თავის ტვინის რბილი ქსოვილების დეტალური შეფასება, უმეტეს შემთხვევაში უპირატესობა მრტ-ს ენიჭება. თუმცა რომელი კვლევაა კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო, ამას პაციენტის სიმპტომების და კვლევის მიზნის მიხედვით ექიმი განსაზღვრავს.
ხშირად დასმული კითხვები
მრტ უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის?
დიახ. მრტ არ იყენებს მაიონებელ გამოსხივებას და საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით უსაფრთხო დიაგნოსტიკურ მეთოდად მიიჩნევა. თუმცა გარკვეული იმპლანტების არსებობის შემთხვევაში, კვლევის ჩატარებამდე ექიმმა უნდა შეაფასოს რისკები.
მტკივნეულია თუ არა პროცედურა?
არა. კვლევა სრულიად უმტკივნეულოა.
შეიძლება თუ არა კლაუსტროფობიის შემთხვევაში მრტ-ს ჩატარება?
დიახ. Siemens MAGNETOM Vida 3T-ის ფართო გვირაბი, ვიდეოეკრანი და პაციენტზე ორიენტირებული ტექნოლოგიები კვლევას უფრო კომფორტულს ხდის მათთვის, ვისაც დახურული სივრცის შიში აქვთ.
როდის იქნება მზად მრტ-ს პასუხი?
კვლევის დასრულების შემდეგ გამოსახულებებს აფასებს რადიოლოგი და ამზადებს დასკვნას. პასუხის გაცემის ვადა დამოკიდებულია კვლევის ტიპსა და სირთულეზე, რის შესახებაც ინფორმაციას კლინიკის პერსონალი წინასწარ მოგაწვდით.
დასკვნა
თავის ტვინის მრტ ერთ-ერთი ყველაზე სანდო კვლევაა, როდესაც საჭიროა თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დეტალური შეფასება. კვლევის დროული ჩატარება ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ნევროლოგიური დაავადებების ადრეულ გამოვლენაში, ისე მათი მიმდინარეობისა და მკურნალობის შედეგების შეფასებაში.
კვლევის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
032 2 312 112 | 577 22 21 12
📍 ალ. ყაზბეგის 16, თბილისი
ქართული
English
Русский