ბლოგი
ბარიატრიული ქირურგია - ჭარბწონიანობის თანამედროვე მკურნალობა

ბარიატრიული ქირურგია - ჭარბწონიანობის თანამედროვე მკურნალობა

30 მაისი 2026
12 წუთი კითხვის დრო

სარჩევი

  1. რა არის ბარიატრიული ქირურგია?
  2. ვის ჭირდება ბარიატრიული ოპერაცია? - BMI კრიტერიუმები
  3. ბარიატრიული ოპერაციის ტიპები
  4. ლაპაროსკოპიული ოპერაციის უპირატესობები
  5. წინასაოპერაციო მომზადება
  6. რეაბილიტაცია და კვება ოპერაციის შემდეგ
  7. რისკები და გართულებები 
  8. რატომ ბოჭორიშვილის კლინიკა?
  9. ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ)
  10. სამეცნიერო წყაროები

რა არის ბარიატრიული ქირურგია?

ბარიატრიული ქირურგია არის ქირურგიული მკურნალობის მეთოდი ჭარბწონიანობისას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც წონის კლებას, ასევე სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებების რემისიას. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ზრდასრულ ადამიანთა 40%-ზე მეტი ჭარბწონიანობას ებრძვის. 

სიმსუქნე უკავშირდება:

  •  II ტიპის დიაბეტს;
  •  კარდიოვასკულარულ დაავადებებს;
  •  არტერიულ ჰიპერტენზიას;
  •  ობსტრუქციულ ძილის აპნოეს;
  •  დისლიპიდემიას;
  •  ცალკეული ტიპის ონკოლოგიურ დაავადებებს;
  •  უნაყოფობას. 

ხშირად სწორედ ამ თანმხლები დაავადებების ფაქტორის გამო ხდება საჭირო ბარიატრიული ოპერაცია.

ბარიატრიული ქირურგია არ არის კოსმეტიკური მკურნალობა და არც ჯანსაღი ცხოვრების წესს ანაცვლებს. ესაა სამედიცინო ჩარევა, რომელიც მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებით მიმდინარეობს და აუცილებელი საჭიროებიდანაა გამოწვეული.

ვის სჭირდება ბარიატრიული ოპერაცია? - BMI კრიტერიუმები

ბარიატრიისა და მეტაბოლური დარღვევების ქირურგიის საერთაშორისო ფედერაციის (IFSO), ასევე ამერიკის მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის საზოგადოების (ASMBS) გაიდლაინების მიხედვით, ბარიატრიული ოპერაცია რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • BMI ≥ 40 კგ/მ² - მორბიდული სიმსუქნე თანმხლები დაავადებების მიუხედავად;
  • BMI 35-39.9 კგ/მ² - სიმსუქნე ერთი ან მეტი თანმხლები დაავადებით (II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, ობსტრუქციული ძილის აპნოე, სიმსუქნესთან დაკავშირებული ჰიპოვენტილაციის სინდრომი, ართროზი მძიმე ფორმით);
  • BMI 30-34.9 კგ/მ² - გადაუჭრელი II ტიპის შაქრიანი დიაბეტი ან მეტაბოლური სინდრომი;
  • კონსერვატიული მკურნალობის უშედეგო მიმდინარეობა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში - სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, მედიკამენტური თერაპია.

თუმცა, BMI კრიტერიუმის შემოწმება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბოჭორიშვილის კლინიკაში ბარიატრიული პროტოკოლი ითვალისწინებს კიდევ ორ უმნიშვნელოვანეს ფსიქოლოგიურ ფაქტორს:

  1. რეალური წარმოდგენა ოპერაციის რისკებსა და შედეგზე - პაციენტი უნდა ითავისებდეს, რომ ბარიატრიული ოპერაციის შემდგომი პროცესი მეტწილად თავად მასზეა დამოკიდებული. ბარიატრიული ოპერაცია აიოლებს კალორიული ბალანსის შენარჩუნებას, თუმცა საბოლოო შედეგის მისაღწევად პაციენტისთვის აუცილებელია დისციპლინის დაცვა და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება.
  2. მზადყოფნა ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილებისთვის - სამედიცინო ლიტერატურის მიხედვით, პაციენტების 15-25% დაკლებულ წონას 5 წლის განმავლობაში აღიდგენს, თუ არ მიჰყვება რეკომენდაციით დადგენილ კვებისა და ფიზიკური აქტივობის სტანდარტს.

ბარიატრიული ოპერაცია არ ნიშნავს დიეტის და ფიზიკური აქტივობის გაუქმებას — ის ნიშნავს მათ ეფექტიანობას მცირე ულუფებიდან მაქსიმუმის მისაღებად.

vis-schirdeba-bariatria

ბარიატრიული ოპერაციის ტიპები

ბოჭორიშვილის კლინიკის მულტიდისციპლინური გუნდი  ოპერაციის ტიპს ირჩევს ინდივიდუალურად, პაციენტის BMI-ის, თანმხლები დაავადებების, ანატომიური თავისებურებებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით.

სლივ გასტრექტომია

სლივ გასტრექტომია - დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ბარიატრიული ოპერაციის მეთოდია. ამ დროს კუჭის 70-80% იკვეთება და რჩება 1-1.5 სმ დიამტრის მქონე  მილისებრი სტრუქტურა. 

შედეგი მუშაობს ორი მექანიზმით:

  • მექანიკური - კუჭის მოცულობა მცირდება დაახლოებით 1500-2000 მლ-დან 150-200 მლ-მდე, რაც ზღუდავს საკვების მიღების რაოდენობას;
  • ჰორმონალური - სწორედ კუჭის მოცილებულ ნაწილში გროვდება შიმშილის ჰორმონი - გრელინი. ამ ნაწილის ამოკვეთით კი მადა მნიშვნელოვნად ქვეითდება არა პაციენტის ნებისყოფის ხარჯზე, არამედ ფიზიოლოგიურ დონეზე.
sliv-gastreqtomia-rogor-ketdeba

სლივ გასტრექტომია პრიორიტეტულია BMI ≥ 40 კგ/მ²  პაციენტებისთვის და მათთვის, ვისთვისაც კონცეპტუალურად მიუღებელია ნაწლავის ანატომიის ცვლილება.

გასტროშუნტირება

გასტრო შუნტირება - ცნობილი ასევე როგორც „კლასიკური ბაიპასი" ან Roux-en-Y — ბევრი ბარიატრიული ქირურგის მიერ მიჩნეულია ოქროს სტანდარტად, განსაკუთრებით მაღალი BMI ≥ 50 კგ/მ² და დიაბეტის თანმხლები შემთხვევებში.

ოპერაცია მოიცავს ორ კომპონენტს:

  • რესტრიქცია - კუჭის ზედა ნაწილი პატარავდება და გამოცალკევდება კუჭის დარჩენილი ნაწილისგან. იქმნება 30-40 მლ-იანი რეზერვუარი - რაც საგრძნობლად ზღუდავს საკვების მიღების რაოდენობას;
  • მალაბსორბცია - წვრილი ნაწლავის გარკვეული ნაწილი იჭრება და ისე უერთდება კუჭს, რაც საკვები ნივთიერებების შეწოვასა და სრულად ათვისებას.
gastroshuntireba-vizualuri-ilustraciaეს კომბინაცია იძლევა მნიშვნელოვან მეტაბოლურ ეფექტს - სამეცნიერო კვლევების მიხედვით, შემთხვევების 80-85%-ში II ტიპის შაქრიანი დიაბეტი გასტროშუნტირების ოპერაციიდან მალევე გადადის რემისიაში. ხშირად ოპერაციიდან რამდენიმე დღეშიც კი. გასტროშუნტირება კომპლექსური პროცედურაა, მაგრამ წონის კლების პროცესიცა და შედეგიც უფრო მდგრადი აქვს, ხშირად ოპერაციიდან რამდენიმე დღეში.

მინი გასტროშუნტირება (მინი ბაიპასი)

მინი გასტროშუნტირება (Mini Gastric Bypass) კლასიკური ბაიპასის გამარტივებული ვერსიაა. ის ერთანასტომოზიანი (ერთი შეერთების წერტილი) ოპერაციაა, რაც ამცირებს საოპერაციო დროს, ანასტომოზური გართულებების რისკს და ოპერაციას შექცევადს ხდის.

მინი ბაიპასი განსაკუთრებით ეფექტურია BMI 40-55 კგ/მ² მქონე პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ II ტიპის შაქრიანი დიაბეტი ან მძიმე დისლიპიდემია.

mini-gastro-baipasis-ilustracia

კუჭის ბანდაჟი (გასტრიკ ბანდინგი)

კუჭის ბანდაჟი - ესაა ბარიატრიული ქირურგიის პირველი მასობრივად გამოყენებული მეთოდი. ამ დროს კუჭის ზედა ნაწილზე სპეციალური სილიკონის რგოლი ფიქსირდება, რაც კუჭს ორ ნაწილად ყოფს. ამ ნაწილებს შორის ვიწრო გასასვლელი იქმნება, რაც მცირე ულუფით დანაყრებას განაპირობებს. 

დღესდღეობით კუჭის ბანდაჟის ოპერაცია სულ უფრო და უფრო ნაკლებად კეთდება, რადგან შედეგი არასტაბილურია (წონის შენარჩუნება შემთხვევების მხოლოდ 40-50%-ში გვხვდება). საყურადღებო ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა, ბანდაჟის მოძრაობისას მისი ადგილის ცვლილება მოხდეს.

ბილიოპანკრეატული შუნტირება (BPD/DS)

ბილიოპანკრეატული შუნტირება ცნობილია როგორც ყველაზე რთული და ყველაზე ეფექტური ბარიატრიული ოპერაცია სუპერ-მორბიდული სიმსუქნისთვის (BMI 50+  კგ/მ²). ის მოიცავს კუჭის მნიშვნელოვან შემცირებას და წვრილი ნაწლავის რადიკალურ ბაიპასირებას.

შედეგი: დაკლებული წონის 70-80% შენარჩუნება 10-15 წლის განმავლობაში. თუმცა, ოპერაცია მოითხოვს უწყვეტ მონიტორინგს ვიტამინ-მინერალური დეფიციტის თავიდან ასაცილებლად - განსაკუთრებით ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K), რკინის, კალციუმის და B12-ის.

ენდოსკოპიური მეთოდები - კუჭის ბალონირება და ბოტოქსი

გარდა ქირურგიული ჩარევებისა, ბოჭორიშვილის კლინიკაში ხელმისაწვდომია ენდოსკოპიური ბარიატრიული მეთოდები:

  • კუჭის ბალონირება - ბალონის კაფსულა პირის ღრუს გავლით გადადის კუჭში, პაციენტი ყლაპავს კაფსულას, შემდეგ კი ივსება ფიზიოლოგიური ხსნარით 400-600 მლ-მდე. ბალონი იკავებს კუჭის დიდ ნაწილს,რაც იწვევს მადის დაქვეითებასა და მუდმივ დანაყრების შეგრძნებას.6 თვის შემდეგ კუჭიდან ბალონის ამოღება ხდება. ეს მეთოდი ოპტიმალურია BMI 27-35 კგ/მ² მქონე პაციენტებში, ან ქირურგიულ ბარიატრიამდე - წონის შესამცირებლად. 
  • კუჭის ბოტოქსი - კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და თანამედროვე მეთოდია. რა დროსაც ბოტულინის ტოქსინი კუჭის კედელში ენდოსკოპიური გზით შედის  - კუჭის მოცულობა მცირდება, მოტორიკას ანელებს და დანაყრების შეგრძნებას ახანგრძლივებს. ეფექტი გრძელდება 4-6 თვე. კუჭის ბოტოქსი განიხილება BMI 27-32 კგ/მ² მქონე პაციენტებისთვის.

kuchis-balonis-ilustracia

ლაპაროსკოპიული ოპერაციის უპირატესობები

თანამედროვე მსოფლიოში ბარიატრიული ქირურგია თითქმის სრულად გადავიდა ლაპაროსკოპიური მეთოდით პრობლემის მოგვარებაზე. დღესდღეობით ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება ღია წესით განიხილება მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში. 

ლაპაროსკოპიული ბარიატრიული ქირურგიის უპირატესობები:

  • მინიმალური ტრავმა - 5-6 მცირე ზომის (5-12 მმ) ჭრილობა ღია ოპერაციის 15-20 სმ-იანი ჭრილობის ნაცვლად;
  • სწრაფი აღდგენა - პაციენტი კლინიკაში რჩება 1-2 დღე, ჩვეულებრივ, 6-12 საათში შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება;
  • ინფექციის განვითარების დაბალი რისკი - მცირე ზომის ჭრილობების გამო;
  • მინიმალური ნაწიბური - ესთეტიკური უპირატესობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებისთვის;
  • თიაქრის განვითარების დაბალი რისკი - სავარაუდო თიაქრების გაჩენის რისკი 1%-ზე ნაკლებია. მაშინ, როცა ღია ოპერაციის შემთხვევაში რისკის ალბათობა 10–15%-ს აღწევს;
  • უკეთესი ხედვის პირობები ქირურგისთვის - განსაკუთრებით 3D ლაპაროსკოპის გამოყენებისას.

ბოჭორიშვილის კლინიკის საოპერაციო აღჭურვილია მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიის 3D ვიდეო ლაპაროსკოპით, რომელიც ქირურგს აძლევს სამგანზომილებიან, ბუნებრივ ფერთა გადაცემის ვიზუალურ ინფორმაციას. ეს ტექნოლოგია ამცირებს ინტრაოპერაციული შეცდომის რისკს, ხელს უწყობს პროცედურის სწრაფ მიმდინარეობას და განსაკუთრებით გამოსადეგია რთული ანატომიის მქონე პაციენტებში - როდესაც ცხიმოვანი ქსოვილი ზღუდავს ანატომიური სტრუქტურების მკაფიო ხილვადობას.

წინასაოპერაციო მომზადება

ბარიატრიული პროტოკოლი არ იწყება საოპერაციო მაგიდიდან. ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაწყვეტილებას მულტიდისციპლინური გუნდი იღებს, რომელშიც შედიან:

  • ბარიატრიული ქირურგი - ოპერაციის სტრატეგიის შერჩევა;
  • ენდოკრინოლოგი - ჰორმონალური პროფილის შეფასება, თანმხლები მეტაბოლური დაავადებების სტაბილიზაცია;
  • ნუტრიციოლოგი - ცხოვრების სტილის შეფასება და კვებითი ჩვევის ცვლილების გეგმა;
  • ფსიქოთერაპევტი - ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება და კვებითი დარღვევების სკრინინგი;
  • გასტროენტეროლოგი - ენდოსკოპიური კვლევით კუჭის ლორწოვანის შეფასება;
  • კარდიოლოგი და ანესთეზიოლოგი - ქირურგიული გართულებების რისკების შეფასება.

წინასაოპერაციო კვლევები მოიცავს:

  • სისხლისა და შარდის ანალიზებს;
  • ბიოქიმიურ კვლევებს;
  • ჰორმონულ პროფილს (TSH, ინსულინი, კორტიზოლი);
  • D ვიტამინისა და B12-ის დონის განსაზღვრას;
  • ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ);
  • ექოკარდიოგრაფიას;
  • ფილტვების ფუნქციურ კვლევას;
  • ღვიძლის და სანაღვლე გზების ულტრაბგერით კვლევას;
  • გასტროსკოპიას (კუჭის ენდოსკოპიას) ჰელიკობაქტერ პილორის სკრინინგით.

ოპერაციამდე 2-4 კვირით ადრე პაციენტს ენიშნება სპეციალური დიეტა - ცილით მდიდარი და დაბალცხიმიანი კვების რეჟიმი, რომელიც ამცირებს ღვიძლის ზომას და აიოლებს ლაპაროსკოპიულ ვიზუალიზაციას ოპერაციის დროს.

რეაბილიტაცია და კვება ოპერაციის შემდეგ

ბარიატრიული ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია გრძელდება 4-6 კვირა, ხოლო წონის ძირითადი კლება ხდება მიიღწევა 12-18 თვის განმავლობაში.

პოსტოპერაციული ფაზები

ფაზა

დრო კვება
ფაზა 1 1-7 დღე სითხეები: წყალი, ბულიონი, წვენი (შაქრის გარეშე)
ფაზა 2 8-21 დღე პიურე - დაბლენდერებული საკვები
ფაზა 3 22-30 დღე რბილი და დაქუცმაცებული საკვები
ფაზა 4 30+ დღე ჩვეული საკვები მცირე ულუფებით

operaciis-shemdgomi-kveba

კვების მთავარი წესები ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ

  • მცირე ულუფა 4-6-ჯერ დღეში - კუჭის შემცირებული მოცულობის გამო;
  • ცილით მდიდარი საკვები - სასურველია დღეში მინიმუმ 60-80 გრამი ცილის მიღება (ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები, ცილოვანი დანამატები);
  • სითხისა და საკვების გამიჯვნა - ხშირი შეცდომაა საკვებთან ერთად სითხის მიღება, რაც აჩქარებს კუჭის დაცლას. რეკომენდირებულია სითხის მიღება საკვებამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ;
  • ვიტამინ-მინერალური დანამატები სიცოცხლის ბოლომდე - B12, ვიტამინი D, რკინა, კალციუმი, ცინკი;
  • ალკოჰოლის აკრძალვა - განსაკუთრებით პირველი წლის განმავლობაში. ბარიატრიული პაციენტებში ალკოჰოლის შეწოვა გაცილებით სწრაფად და ინტენსიურად ხდება, რაც ზრდის დამოკიდებულების რისკს;
  • ფიზიკური აქტივობა - სპორტული სიარული რეკომენდებულია ოპერაციიდან 30 დღის შემდეგ , ზომიერი ვარჯიში 6 კვირიდან;
  • ფსიქოლოგიური მხარდაჭერა - განსაკუთრებით პირველი 6 თვის განმავლობაში, როცა იცვლება სხეული და სოციალური მე-ს აღქმა.

რისკები და გართულებები 

ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა უკავშირდება გარკვეულ რისკებს. აუცილებელია რისკების სწორი შეფასება და პაციენტისათვის ინფორმაციის ზედმიწევნით ზუსტი მიწოდება.  ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმები მაქსიმალურად ამცირებენ ყველა შესაძლო რისკს. 

ადრეული გართულებები (პირველი 30 დღე):

  • ანასტომოზური დაშლა / გაჟონვა - 1-2% შემთხვევაში;
  • სისხლდენა - 1-3%;
  • ღრმა ვენური თრომბოზი / ფილტვის ემბოლია - 0.5-1%;
  • ჭრილობის ინფექცია - 1-2%;
  • ანესთეზიური გართულებები - < 1%.

გვიანი გართულებები:

  • ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი - გვხვდება 30-50% შემთხვევაში პირველი 5 წლის განმავლობაში, თუ პაციენტი არ მიიღებს დანამატებს;
  • დემპინგ-სინდრომი - განსაკუთრებით გასტროშუნტირების შემდეგ, შაქრის მიღებისას;
  • ნაღვლის კენჭები - 25-30% შემთხვევაში სწრაფი წონის კლების შედეგად;
  • წონის ხელახალი მომატება - 15-25% შემთხვევაში 5-10 წლის ვადაში;
  • ფსიქოემოციური ცვლილებები - დეპრესია, ცხოვრების სტილის ცვლილებებთან ადაპტაციის სირთულე.

ლეტალობის რისკი თანამედროვე ბარიატრიული ქირურგიის შემთხვევაში არის 0.1-0.3% - აღსანიშნავია, რომ ეს იმაზე დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე ნაღვლის ბუშტის მოცილების (0.5%) ან მუხლის ენდოპროთეზირების ოპერაციის  (0.4%) რისკი.

რატომ ბოჭორიშვილის კლინიკა?

ბარიატრიული ქირურგია არ არის გადაწყვეტილება, რომელიც პაციენტმა მხოლოდ ფასის შედარების საფუძველზე უნდა მიიღოს. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კლინიკის გამოცდილებას, გუნდის პროფესიონალიზმსა და მკურნალობის შედეგებს.

ბოჭორიშვილის კლინიკის სამი მთავარი უპირატესობა:

  1. სამედიცინო ტრადიციების მემკვიდრეობა - კლინიკა დაარსდა 1979 წელს, როგორც სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი. პროფესიონალ ექიმთა ძალისხმევით საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობა შემცირდა 65%-დან 5%-მდე - სამედიცინო კულტურა, რომელიც ემყარება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კლინიკურ პროტოკოლებს და არ იცვლება დროთა განმავლობაში.
  1. პროფესიონალი მულტიდისციპლინური გუნდი - ექიმთა გუნდი ბარიატრიული პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს, რომელშიც შედიან:
  • ბარიატრიული ქირურგი;
  • ენდოკრინოლოგი;
  • ფსიქოთერაპევტი;
  • გასტროენტეროლოგი; 
  • კარდიოლოგი;
  • ანესთეზიოლოგი.
  1. ტექნოლოგიური აღჭურვილობა - კლინიკის საოპერაციო აღჭურვილია მსოფლიოში უახლესი 3D ლაპაროსკოპით - ტექნოლოგიით, რომელიც აძლევს ქირურგს სამგანზომილებიან ვიზუალიზაციას და მნიშვნელოვნად ამცირებს ინტრაოპერაციული შეცდომის რისკს.

ბარიატრიული ქირურგიის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ და ჩაეწერეთ პირველად კონსულტაციაზე

  • ტელეფონი: 032 2 312 112; 577 222 112
  • მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 16
  • ვებგვერდი: bochorishvili.ge
ratom-bochorishvilis-klinika-bariatriuli-qirurgia.webp

ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ)

რა ღირს ბარიატრიული ოპერაცია საქართველოში?

ბარიატრიული ოპერაციის ღირებულება დამოკიდებულია ოპერაციის ტიპზე და მოიცავს წინასაოპერაციო კვლევებს, ოპერაციას, ჰოსპიტალიზაციას და პოსტოპერაციული მონიტორინგის პერიოდს. სლივ გასტრექტომია, როგორც წესი, უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე გასტროშუნტირება. ზუსტი ღირებულება განისაზღვრება პირველადი კონსულტაციის შემდეგ, შერჩეული ოპერაციული მიდგომის შესაბამისად.

რა წონას დავიკლებ ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ?

საშუალოდ, ბარიატრიული პაციენტი საშუალოდ კარგავს ჭარბი წონის 60-80%-ს პირველი 18 თვის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ თუ პაციენტს აქვს 130 კგ წონა იდეალური 75 კგ-ის ნაცვლად (ჭარბი წონა 55 კგ), ის დაკარგავს 33-44 კგ-ს.

უსაფრთხოა თუ არა ბარიატრიული ოპერაცია?

ლეტალობის რისკი ბარიატრიული ქირურგიის თანამედროვე ცენტრებში არის 0,1-0,3%, რაც სტანდარტულ ქირურგიულ ოპერაციებთან შედარებით დაბალია. თუმცა ნებისმიერი ოპერაცია მოიცავს რისკს. გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ მხოლოდ მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შემდეგ.

შესაძლებელია თუ არა ბარიატრიული ოპერაცია არასრულწლოვან პაციენტებში? 

18 წლამდე ბარიატრიული ოპერაცია იშვიათად განიხილება, მხოლოდ ექსტრემალური მორბიდული სიმსუქნისა და მძიმე თანმხლები დაავადებების ფონზე, საერთაშორისო პედიატრიული გაიდლაინების მკაცრი დაცვით.

აღვიდგენ თუ არა დაკლებულ წონას მომავალში?

შესაძლებელია დაკლებული წონის ხელახალი მომატება, თუ არ შეიცვლით ცხოვრების სტილს. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ბარიატრიული პაციენტების 15-25%-ში წონის ხელახალი მომატება შეიმჩნევა 5-10 წლის ვადაში, რაც ძირითადად განპირობებულია კვების ჩვევებთან დაკავშირებული მიზეზებით.

დამრჩება თუ არა მუცელზე ნაწიბური?

ლაპაროსკოპიული ბარიატრიული ოპერაცია ტარდება 5-6 მცირე ზომის(5-12 მმ) ჭრილობის მეშვეობით, რომელთა კვალი 6-12 თვის შემდეგ პრაქტიკულად უხილავი ხდება.

რამდენად უსაფრთხოა ორსულობა ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ? 

დიახ, თუმცა რეკომენდირებულია ორსულობის გადადება მინიმუმ 12-18 თვით ოპერაციის შემდეგ - სანამ წონა დასტაბილურდება და ნუტრიენტული სტატუსი არ აღდგება. ბარიატრიული ოპერაცია ხშირად აგვარებს უნაყოფობის პრობლემასაც.

რომელია უკეთესი - სლივი თუ ბაიპასი?

ამაზე ერთმნიშვნელოვანი და ზუსტი პასუხი არ არსებობს. სლივ გასტრექტომია ტექნიკურად შედარებით მარტივი ოპერაციაა და არ მოითხოვს ნაწლავის ბაიპასირებას. რეკომენდირებულია BMI 40-50 კგ/მ² მქონე პაციენტებისთვის. გასტრო ბაიპასი შედარებით რთული ოპერაციაა, მაგრამ უფრო ეფექტური სუპერ-მორბიდული სიმსუქნისა და თანმხლები შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში. საბოლოო გადაწყვეტილებას ბარიატრიული გუნდი ინდივიდუალურად, საჭიროების მიხედვით იღებს.

სამეცნიერო წყაროები

  • World Health Organization. Obesity and overweight. WHO Fact Sheet, 2024.
  • International Federation for the Surgery of Obesity and Metabolic Disorders (IFSO). Indications for Bariatric Surgery. 2022 Position Statement.
  • American Society for Metabolic and Bariatric Surgery (ASMBS). Estimate of Bariatric Surgery Numbers, 2011-2023. ASMBS Public Health Statement.
  • Mingrone G, et al. Metabolic Surgery versus Conventional Medical Therapy in Patients with Type 2 Diabetes: 10-Year Follow-Up of an Open-Label, Single-Centre, Randomised Controlled Trial. The Lancet, 2021.
  • Schauer PR, et al. Bariatric Surgery versus Intensive Medical Therapy for Diabetes - 5-Year Outcomes (STAMPEDE Trial). New England Journal of Medicine, 2017.
  • Eisenberg D, et al. 2022 ASMBS/IFSO Guidelines on Indications for Metabolic and Bariatric Surgery. Surgery for Obesity and Related Diseases, 2022.

ეს სტატია არის ზოგადი საინფორმაციო ხასიათის და არ წარმოადგენს ინდივიდუალური სამედიცინო კონსულტაციის შემცვლელს. ბარიატრიული ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გთხოვთ ჩაეწეროთ პერსონალურ კონსულტაციაზე ბოჭორიშვილის კლინიკის ბარიატრიულ გუნდთან.