ბლოგი
მწვავე ნაწლავური ინფექციები ზაფხულის პერიოდში - მიზეზები, პრევენცია და მართვა

მწვავე ნაწლავური ინფექციები ზაფხულის პერიოდში - მიზეზები, პრევენცია და მართვა

7 აგვისტო 2025
2 წუთი კითხვის დრო
მწვავე ნაწლავური ინფექციები ზაფხულის პერიოდში - მიზეზები, პრევენცია და მართვა

მწვავე ნაწლავური ინფექციები ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით წლის ცხელ პერიოდში. ზაფხულის თვეებში აღინიშნება ექიმ-ინფექციონისტებთან მიმართვიანობის მკვეთრი ზრდა, ხოლო გართულებულ შემთხვევებში პაციენტებს ხშირად ესაჭიროებათ გადაუდებელი სტაციონარული დახმარება. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს მწვავე ნაწლავური ინფექციების ზაფხულში გამწვავების მიზეზების, გავრცელების გზების, რისკ-ჯგუფების, კლინიკური მიმდინარეობისა და პრევენციის ეფექტური მეთოდების განხილვას.

რატომ მწვავდება ნაწლავური ინფექციები ზაფხულში?

მწვავე ნაწლავური ინფექციების ზაფხულის პერიოდში გამწვავება განპირობებულია რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორით. მაღალი გარემო ტემპერატურა ხელს უწყობს მიკროორგანიზმების - ვირუსების, ბაქტერიებისა და პარაზიტების - სწრაფ გამრავლებას საკვებსა და წყალში. გასტროენტერიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი პროცესი, სწორედ ამ პათოგენებით არის გამოწვეული და უმეტესად ფეკალურ-ორალური გზით ვრცელდება.

ზაფხულში იზრდება ადამიანთა მობილურობა, კურორტებზე ვიზიტები და ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში ყოფნა. ეს ფაქტორები ზრდის ინფიცირებულ პირებთან კონტაქტის ალბათობას, რაც არაადეკვატური პირადი ჰიგიენის პირობებში ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს. ამიტომაც არის მწვავე ნაწლავური ინფექციები განსაკუთრებით აქტუალური გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.

როგორ ვრცელდება ნაწლავური ინფექცია?

ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებაა. ადამიანიდან ადამიანზე გავრცელებაც საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით არაადეკვატური ჰიგიენური პირობების დროს. გადაცემის მექანიზმი ფეკალურ-ორალურია, რაც ნიშნავს, რომ პათოგენები ორგანიზმში ხვდება დაბინძურებული ხელების, საგნების, საკვების ან სასმელის მეშვეობით.

ვირუსული გასტროენტერიტები შესაძლოა გავრცელდეს ინფიცირებულთან ხელის ჩამორთმევით, დაბინძურებული საგნებით ან საკვებით (მაგალითად, არაპასტერიზებული რძით). ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ინფიცირებულმა პირმა მკაცრად უნდა დაიცვას ჰიგიენური ნორმები სიმპტომების ალაგებიდან მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.

რისკ-ჯგუფები ნაწლავური ინფექციების დროს

მწვავე ნაწლავური ინფექციები გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში - შესაძლებელია დაინფიცირება როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულ პირებში. თუმცა, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ:

  • მცირეწლოვანი ბავშვები: მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია;

  • ხანდაზმულები: ასაკთან ერთად იმუნიტეტი სუსტდება;

  • იმუნური სტატუსის მქონე პირები: ქრონიკული დაავადებების მქონე ან იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე მყოფი პაციენტები.

ამ ჯგუფებში დაავადების მიმდინარეობა ხშირად უფრო მძიმეა და გართულებების რისკი მაღალი.

დაავადების მიმდინარეობა და სიმპტომები

მწვავე ნაწლავური ინფექციის კლინიკური სურათი და სიმძიმის ხარისხი განსხვავებულია, რაც დამოკიდებულია გამომწვევ აგენტზე და პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. დაავადება ძირითადად იწყება მწვავედ და ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • გულისრევა და ღებინება;

  • მუცლის ტკივილი და სპაზმები;

  • ნაწლავთა გახშირებული მოქმედება (დიარეა), რომელიც შეიძლება იყოს სისხლისა და ლორწოს შემცველობით ან მის გარეშე;

  • ართრალგია (სახსრების ტკივილი) და მიალგია (კუნთების ტკივილი);

  • სხეულის ტემპერატურის მატება (ნორმალურიდან მაღალ ციფრებამდე).

დაავადების დასაწყისში ხშირად აღინიშნება ინტოქსიკაციის მკვეთრად გამოხატული ნიშნები და დეჰიდრატაცია. ეს მდგომარეობა ხშირ შემთხვევებში მოითხოვს სტაციონარის პირობებში სითხეებით აქტიურ დატვირთვას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ანტიბიოტიკოთერაპიასაც.

პრევენცია - როგორ ავიცილოთ თავიდან დაინფიცირება?

მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენციისთვის აუცილებელია მკაცრი ჰიგიენური ნორმების დაცვა და საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა:
  • პირადი ჰიგიენა:
    • ხელების საფუძვლიანი დაბანა ჭამამდე და ჭამის შემდეგ;
    • ხელების დაბანა საპირფარეშოთი სარგებლობის, ცხოველებთან კონტაქტის და უმ ხორცთან შეხების შემდეგ.

  • საკვების უსაფრთხოება:
    • ბოსტნეულისა და ხილის სათანადოდ გასუფთავება გამდინარე წყლით;
    • ქუჩის საკვების მიღებიდან თავის შეკავება;
    • მხოლოდ თერმულად კარგად დამუშავებული საკვების მიღება;
    • არაპასტერიზებული რძისა და რძის პროდუქტების მოხმარებისგან თავის არიდება.

  • კონტაქტების შეზღუდვა: თავი შეიკავეთ კონტაქტისგან იმ პირებთან, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე ნაწლავური ინფექციის სიმპტომები.

დაავადების დიაგნოსტირება და სწორი მართვა ხდება ექიმ-ინფექციონისტის მიერ, ამბულატორიულ ან, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ პირობებში. ამიტომ, სიმპტომების გახანგრძლივების ან დამძიმების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დროული მიმართვა სპეციალისტთან. დიაგნოზის დროული ვერიფიცირება თავიდან აგვარიდებს ინფექციის მძიმე გართულებებს და ხელს შეუწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

ავტორი: ხატია ხატიაშვილი - ინფექციონისტი