ბლოგი
არითმია ბავშვებში – რა უნდა იცოდეთ მშობლებმა

არითმია ბავშვებში – რა უნდა იცოდეთ მშობლებმა

15 იანვარი 2026
არითმია ბავშვებში – რა უნდა იცოდეთ მშობლებმა

ინტერვიუ ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგ - ნინო ჯობავასთან

რა არის არითმია  და რამდენად ხშირია ეს პრობლემა ბავშვთა ასაკში?
არითმია გულის ცემის რითმულობის დარღვევაა, როდესაც გულისცემა ან ძალიან სწრაფია, ან ძალიან ნელი, ან არათანაბარი. ბავშვთა ასაკში არითმიის განვითარების პროცენტული  მაჩვენებელი შედარებით დაბალია, თუმცა არსებობს ფორმები , რომლებიც შესაძლოა საყურადღებო ან სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს .  ხშირ შემთხვევაში კი არითმია კეთილთვისებიანი ფორმით მიმდინარეობს და დროთა განმავლობაში ქრება.

რომელი ბავშვები არიან უფრო მეტად რისკის ქვეშ?

ბავშვთა ასაკში არითმიების განვითარების რისკი მაღალია გულის თანდაყოლილი მანკების , გენეტიკური სინდრომებისა და ინფექციურ -ანთებითი პროცესების დროს , ასევე ვეგეტატიური ნერვული სისტემისა და ჰორმონალური დისბალანსის დროს.

რა ტიპის არითმიები გვხვდება ბავშვებში?

პირობითად რამდენიმე ძირითადი ჯგუფი არსებობს:

  • გულისცემის სიხშირის დარღვევები: ტაქიარითმია (აჩქარებული გულისცემა) და ბრადიარითმია (შენელებული გულისცემა).
  • წარმოშობის მიხედვით: სინუსური არითმია (ხშირად ფიზიოლოგიური, სუნთქვასთან ასოცირებული), წინაგულოვანი და პარკუჭოვანი არითმიები. პარკუჭოვანი ფორმები ყველაზე საშიშია, რადგან შესაძლოა  გულის  უეცარი გაჩერება გამოიწვიოს.
  • გამტარებლობის დარღვევები.

ბავშვთა არითმია: სიმპტომები და ამოცნობის გზები მშობლებისთვის

სიმპტომები სხვადასხვაგვარია:

  • პალპიტაცია – აჩქარებული ან არათანაბარი გულისცემის შეგრძნება,
  • დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა,
  • გონების მოკლევადიანი დაკარგვის ეპიზოდები (სინკოპე),
  • ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში.
  • იშვიათად –  გულის  უეცარი გაჩერება.
    ზოგჯერ არითმია უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, ამიტომ მშობლებს ყურადღება უნდა ჰქონდეთ  გამახვილებული ბავშვის ჩივილებზე.

როგორ ხდება არითმიის დიაგნოსტიკა ბავშვებში?

  • ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) – ოქროს სტანდარტი, მარტივი და არაინვაზიური მეთოდი.
  • ჰოლტერმონიტორინგი – ეპიზოდური დარღვევების დიაგნოსტირებისთვის.
  • ექოკარდიოგრაფია – გულის სტრუქტურისა და ფუნქციის შესაფასებლად.
  • რთულ შემთხვევებში გამოიყენება ელექტროფიზიოლოგიური კვლევა.

როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

არითმიების ნაწილი განსაკუთრებულ მედიკამენტურ ჩარევას არ საჭიროებს და ასაკის მატებასთან ერთად ქრება.

  • გამოიყენება მედიკამენტოზური თერაპია.
  • მძიმე ფორმებისას -ინვაზიური მეთოდები : აბლაცია და სპეციალური მოწყობილობების  იმპლანტაცია.
  • მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის კორექცია: ფიზიკური დატვირთვის კონტროლი, ელექტროლიტებისა და ჰორმონალური ბალანსის რეგულაცია.

მართალია, რომ ჰელმინთოზი შეიძლება არითმიის გამომწვევი იყოს?

პირდაპირი კავშირი არ არსებობს, თუმცა არაპირდაპირ , ჰელმინთოზით გამოწვეული  ანემიის, ინტოქსიკაციის, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისბალანსის და ალერგიული რეაქციების ფონზე, შეიძლება ხელი შეუწყოს სინუსური არითმიის გამოვლინებას.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ეჭვი აქვს, რომ ბავშვს არითმია აქვს?

მშობელმა არ უნდა უგულებელყოს  სიმპტომები, საჭიროა:

  • ბავშვის გულისცემაზე და ჩივილებზე დაკვირვება;
  • დროული კონსულტაცია პედიატრთან და ბავშვთა კარდიოლოგთან;
  • დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.

პროგნოზი დამოკიდებულია არითმიის ტიპსა და დროულ დიაგნოსტიკაზე.

დაგვიტოვეთ კომენტარებში, რა ჩივილები, როგორი სახის არითმია ქონდა თქვენს შვილს, რომელი დიაგნოსტიკური კვლევები და რა სახის მკურნალობა ჩაუტარეთ მას, თქვენი გამოცდილება სხვა მშობლებსაც  დაეხმარება.