ბლოგი
გასტროსკოპია - რას ველოდოთ და როგორ მოვემზადოთ
გასტროსკოპია - რას ველოდოთ და როგორ მოვემზადოთ
გასტროსკოპია (ზედა ენდოსკოპია) არის კვლევა, რომლის დროსაც ექიმი სპეციალური კამერით – ენდოსკოპით – ამოწმებს საყლაპავს, კუჭს და თორმეტგოჯა ნაწლავს.
იგი გამოიყენება ისეთი სიმპტომების დასადგენად, როგორიცაა:
- გულძმარვა და მჟავიანობა;
- მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი;
- გულისრევა, ღებინება;
- ანემია უცნობი მიზეზით;
- ყლაპვის გაძნელება.
ასევე, კვლევის დროს შესაძლებელია ბიოფსიის (მცირე ნაჭრის) აღება დიაგნოსტიკისთვის.
როგორ მოვემზადოთ გასტროსკოპიისთვის?
სწორი მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის ხარისხისა და უსაფრთხოებისთვის.
ძირითადი რეკომენდაციები:
- არ მიიღოთ საკვები მინიმუმ 6–8 საათით ადრე;
- სითხე (წყალი) – შეიძლება 2–3 საათით ადრე მცირე რაოდენობით;
- არ მოწიოთ და არ მიიღოთ ალკოჰოლი კვლევის წინ.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ:
- სისხლის გამათხელებლებს;
- დიაბეტის წამლებს;
- ალერგია მედიკამენტებზე.
თუ კუჭი სავსეა, იზრდება ასპირაციის (საკვების ფილტვში მოხვედრის) რისკი – ამიტომ შიმშილი კრიტიკულია.
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
პროცედურა ჩვეულებრივ გრძელდება 5–10 წუთი.
კვლევის ეტაპები:
- პაციენტი წევს მარცხენა გვერდზე;
- პირის ღრუში თავსდება სპეციალური დამცავი;
- ტარდება ანესთეზია (ლოკალური ან სედაცია);
- ენდოსკოპი ფრთხილად შეჰყავთ;
- ექიმი ათვალიერებს ლორწოვანს დიდ ეკრანზე და საჭიროების შემთხვევაში იღებს ბიოფსიას.
პროცედურა უმეტეს შემთხვევაში უმტკივნეულოა, შესაძლებელია მხოლოდ მცირე დისკომფორტი.
ჰელიკობაქტერის აღმოჩენა – ურეაზული ტესტი
Helicobacter pylori არის ბაქტერია, რომელიც კუჭის ლორწოვანში ცხოვრობს და დაკავშირებულია:
- გასტრიტთან;
- წყლულთან;
- ზოგ შემთხვევაში კუჭის კიბოსთან.
როგორ ხდება მისი დადგენა ენდოსკოპიის დროს?
ენდოსკოპიის დროს Helicobacter pylori-ის დადგენა ხდება ექიმის მიერ კუჭიდან მცირე ბიოფსიის აღებით. ნიმუში თავსდება სპეციალურ გარემოში (ურეაზული ტესტი), და თუ ბაქტერია არსებობს, ხდება ფერის ცვლილება. პასუხი ხშირად მზად არის რამდენიმე წუთში.
გასტროსკოპია შეიძლება ჩატარდეს ლოკალური ანესთეზიით, რა დროსაც ყელში გამოიყენება სპრეი და პაციენტი სრულად ფხიზელია. ასევე, შესაძლებელია სედაციით (მსუბუქი ძილი), რაც ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ დროს გამოიყენება მედიკამენტი, პაციენტი „იძინებს“ და არაფერს გრძნობს.
უსაფრთხოება
გაიდლაინების მიხედვით
პროცედურა ითვლება ძალიან უსაფრთხოდ. სერიოზული გართულებები ძალიან იშვიათია (<1%). მუდმივად კონტროლდება პულსი, ჟანგბადის დონე და წნევა. ჯანმრთელ პაციენტებში რისკი მინიმალურია.
პროცედურის შემდეგ რა უნდა ვიცოდეთ?
სედაციის შემდეგ არ მართოთ მანქანა 12-24 საათი. შესაძლებელია მცირე ყელის ტკივილი. კვება შეიძლება დაიწყოთ ექიმის რეკომენდაციით.
დავიმახსოვროთ: გასტროსკოპია არის სწრაფი, მაღალინფორმაციული და უსაფრთხო პროცედურა. იგი საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს დიაგნოზი, გამოვლინდეს Helicobacter pylori და დაიწყოს მიზნობრივი მკურნალობა დროულად.
დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი გრძელვადიანი სიმშვიდისთვის
პირველ ეტაპზე აუცილებელია გასტროენტეროლოგთან ვიზიტი. ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შემდეგ ის მოგცემთ რეკომენდაციებს შემდგომი კვლევებისთვის.
ზოგიერთ შემთხვევაში ჰელიკობაქტერიის ტესტი არ არის ინფორმაციული. ეს ხდება, თუ პაციენტი იმ დროს იღებს გარკვეულ მედიკამენტებს. გასტროენტეროლოგის რეკოემნდაციით ჩატარდება მიზანმიმართული გამოკვლევები.
საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება გასტროსკოპიული გამოკვლევა ერთ –ერთი ყველაზე თანამედროვე – Olympus Exera III. – რომელიც გვაძლევს საშუალებას დავინახოთ კუჭის და საყლაპავის ძალიან მცირე ცვლილებებიც კი . ეს ნიშნავს უფრო ზუსტ დიაგნოზის და უფრო ეფექტურ მკურნალობას თქვენთვის. 
ქართული
English
Русский