რამდენად საშიშია ტკიპის ნაკბენი და რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია მას?
საქართველოში გავრცელებული ტკიპების უმეტესობა დაავადების გადამტანი არ არის, მაგრამ არსებობს ტკიპის სახეობები რომელთაც შეუძლიათ კბენის შედეგად გამოიწვიონ ისეთი დაავადებები როგორიცაა ბორელიოზი და ასევე განსაკუთრებით საშიში დაავადება, ,,ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხლება“. გასათვალისწინებელია გეოგრაფიული მდებარეობა და ტკიპის დაყოვნების დრო ადამიანის სხეულზე. ტკიპები ბინადრობენ ტყეში, მინდორში, იქ სადაც მაღალი ბალახი და ტენიანი გარემოა. უნდა გავითვალისწინოთ რომ, ლაშქრობისას თუ პიკნიკისას, არის რისკი ტკიპა მოხვდეს ადამიანის სხეულზე, მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს მისი სწორად მოცილება. სასურველია მიმართოთ სპეციალისტს, რადგან თვითნებურად, არასწორად ტკიპის მოცილებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულება. მაგალითად არასწორად პინცეტის მოჭიდებისას შეიძლება მოვიცილოთ ტკიპის მხოლოდ სხეული და თავი ჩარჩეს ნაკბენში. ასევე არ შეიძლება ხალხში არასწორად გავრცელებული მეთოდების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად ზეთის, სპირტის ან ანთებული ასანთის დადება. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო იზრდება რისკი ინფიცირების, რადგან შეიძლება მოხდეს დიდი რაოდენობით ინფიცირებული ნერწყვის ნაკბენ არეში გამოდევნა.
დაავადებების პრევენციისთვის აუცილებელია ნაკბენის ან კანზე მიმაგრებული ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართოთ სპეციალისტს, ინფექციონისტს, რათა სწორად მოხდეს შეფასება, დიაგნოსტირება, კვლევბისა თუ მკურნალობის სქემის დაგეგმვა.
ტკიპის ნაკბენის უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ისეთი დაავადებები როგორიცაა ბორელიოზი (ლაიმის დაავადება) ან განსაკუთრებით საშიში დაავადება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება.
ბორელიოზის ადრეულ სტადიაზე, რომელიც რამოდენიმე დღიდან 3 კვირამდე გრძელდება, ჩნდება მიგრირებადი ერითემა ე.წ ,,ხარის თვალი’’, რომელსაც წვა და ქავილი ახასიათებს. შეიძლება გამოიხატოს თავის ტკივილი, კისრის დაჭიმულობა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მიგრირებადი ტკივილი, ართრალგია, ძლიერი სისუსტე, ასევე კარდიოლოგიური ცვლილებებიც. მკურნალობის არ, ან არასრულად ჩატარების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მოგვიანებითი ინფექცია, რომელიც თვეების და წლების შემდეგ გამოვლინდება. ახასიათებს კანის დაზიანება, ართრალგია, ქრონიკული ენცეფალომიელიტი, პოლირადიკულოპათია, ატაქსია, ქრონიკული ნეირობორელიოზი.
ტკიპის კბენის შედეგად ვრცელდება ასევე განსაკუთრებით საშიში დაავადება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. რომელიც იწყება ტკიპის კბენიდან 1-3 დღის შემდეგ. დაავადება იწყება მწვავედ: ცხელებით, შემცივნებით, თავის ტკივილით, სისუსტით, სახსრების და კუნთების ტკივილით, კონიუნქტივიტით, დიარეით, გულისრევით, ღებინებით. შემდგომ ჩნდება პეტექიური გამონაყარი, სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, სისხლიანი ნახველი, შარდი და განავალი. დაგვიანებული დიაგნოსტირებისა მკურნალობის შემთხვევაში კი სრულდება ლეტალური გამოსავლით.
ამგვარ, მნიშვნელოვანია ტკიპის კბენის შემთხვევაში დროულად მივმართოთ შესაბამის სპეციალისტს, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტირება და გართულებების თავიდან აცილება.
სტატიის ავტორი - აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი - ნინო ალხაზიშვილი