ჰეპატიტის საერთაშორისო დღე
ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთებითი დაავადება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის მოხმარებამ, ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის გართულებამ, ან მედიკამენტმა.
თუმცა, ვირუსული ინფექციები ჰეპატიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
ჰეპატიტს ხშირად იწვევს ვირუსები – A, B, C, D და E.
ჰეპატიტი A -ღვიძლის ვირუსული ანთების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ხშირად ეპიდემიური ხასიათი აქვს. A ჰეპატიტი სხვადასხვა დროს ცნობილი იყო ინფექციური ჰეპატიტის, ეპიდემიური ჰეპატიტის, ბოტკინის დაავადების, სიყვითლის სახელწოდებით. სამედიცინო ლიტერატურაში იგი ჭუჭყიანი ხელების დაავადებადაც მოიხსენიება.
ჰეპატიტი B- არის პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით. ის წარმოადგენს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას. მას შეუძლია გამოიწვიოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექცია, რომელიც განაპირობებს ციროზითა და ღვიძლის კიბოთი სიკვდილიანობის მაღალ რისკს.
ჰეპატიტი C – ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი. იგი ძირითადად “ჩუმი” დაავადებაა და მიმდინარეობს ყოველგვარი კლინიკური სიმპტომის გარეშე.
ჰეპატიტი D – არის იშვიათი ფორმა, რომელიც გვხვდება მხოლოდ B ჰეპატიტის ინფექციასთან ერთად. D ჰეპატიტის ვირუსი იწვევს ღვიძლის ანთებას, ისევე როგორც სხვა შტამები, თუმცა B ჰეპატიტის ინფექციის გარეშე ის ვერ წარმოიქმნება.
ჰეპატიტი E არის წყლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია E ჰეპატიტის ვირუსის ზემოქმედებით. E ჰეპატიტი ძირითადად გვხვდება ცუდი სანიტარული პირობების მქონე ადგილებში და როგორც წესი, გამოწვეულია ფეკალური ნივთიერებების გადაყლაპვით, რომელიც აბინძურებს წყალმომარაგებას.