• 13 04 2018
    • 3925 ნახვა
    ტრენინგები - „კომუნიკაციის უნარები კლინიკურ პრაქტიკაში“

    ტრენინგები - „კომუნიკაციის უნარები კლინიკურ პრაქტიკაში“

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინიციატივით, გასული წლის დეკემბერში კლინიკის მენეჯერებისთვის და მედდებისთვის დაიწყო ტრენინგები – „კომუნიკაციის უნარები კლინიკურ პრაქტიკაში“, რომელიც მიზნად ისახავდა მომსახურების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
    ტრენინგები 2018 წლის მარტში დასრულდა, გადამზადდა ბოჭორიშვილის კლინიკის 82 თანამშრომელი.
    საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის დიანა ვაშაყმაძის ორგანიზებით სემინარებს უძღვებოდა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგი ქეთევან მაისურაძე. ტრენინგის დროს განხილული იყო: რას ნიშნავს ეფექტური კომუნიკაცია და გვესაჭიროება თუ არა ის სამედიცინო დაწესებულებებში, როგორია და როგორი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ქცევის სტანდარტი, რა არის მოტივაცია და რას ნიშნავს მოტივირებული კადრი.
    ლექციების დროს განხილული იყო შემდეგი საკითხები: გუნდური მუშაობა, პაციენტის, ექიმის და ექთნის ურთიერთობა და ნდობის ფაქტორები, „სხეულის ენა“, პაციენტის რეაქციის ტიპები, პერსონალის და პაციენტის ურთიერთობის მოდელები.
    სწავლების მანძილზე მოხდა არა ერთი კონკრეტული შემთხვევის განხილვა, როლური გათამაშება და გაიმართა დისკუსიები.
    დატრენინგებული თანამშრომლებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია 12 აპრილს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში შედგა, მათ სიტყვით მიმართა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ტრენინგები არ იქნება ერთჯერადი, „ბოჭორიშვილის კლინიკა მუდმივად ზრუნავს მომსახურების მიწოდების მაღალ დონეზე. კლინიკის გეგმებში პირველ ადგილზეა უახლესი სტანდარტების დანერგავა – განვითარება და პერსონალის ცოდნის და კვალიფიკაციის მუდმივი გაღრმავება. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული შრომისთვის“.
    დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე სემინარების ფასილიტატორმა, ქეთევან მაისურაძემ, მან ხაზი გაუსვა ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალის მაღალ დონეს და უნარჩვევებს.
    როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი აღნიშნავს, ექთნების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას მუდმივი ხასიათი ექნება და სულ მალე პროფესული ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყება.
    მედპერსონალის შეფასებით პროგრამა იყო საინტერესო, სასარგებლო და მნიშვნელოვანი.