• 31 10 2018
    • 7180 ნახვა
    რინოვირუსი

    რინოვირუსი

    რინოვირუსი სასუნთქი სისტემის დაავადებაა, რომელიც შემოდგომა-ზამთარში განსაკუთრებით აქტიურდება. ახასიათებს ცხვირის ლორწოვანი გარსის უპირატესი დაზიანება და უხვი რინორეა.
    რინოვირუსით ავადდებიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც ინკუბაციური პერიოდის ბოლო დღეებსა და დაავადების მწვავე პერიოდში გამოყოფს ვირუსს და ჰაერ-წვეთოვანი გზით გადასცემს ჯანმრთელ ადამიანს.

    დაავადების შემთხვევები ხშირია შემოდგომასა და გაზაფხულზე, თუმცა რინოვირუსი წლის ნებისმიერ სეზონზე შეიძლება შეგვხვდეს, ასევე ფიქსირდება სპორადული შემთხვევების, ზოგჯერ კი მცირე აფეთქებების სახით.
    რინოვირუსების ცხვირის ლორწოვან გარსში ეპითელურ უჯრედებში შეღწევისას ვითარდება ცხვირის გარსის ანთება, მკვეთრი შეშუპებით და ჰიპერსეკრეციით. პატარებში პროცესი შეიძლება იშვიათად გავრცელდეს ხორხზე, ტრაქეასა და ფილტვებზე.
    ინკუბაციის პერიოდი 1-6 დღემდეა, დაავადება იწყება სურდოთი, ტემპერატურის მატებით, რომელიც 2-4 დღეს გრძელდება. ცხვირის გასავლებისა და ნიჟარების შეშუპების გამო ჭირს ცხვირით სუნთქვა, ხოლო რამდენიმე საათში გამოვლინდება რინიტი უხვი გამონადენით.

    რინოვირუსის დროს პაციენტი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, თვითმკურნალობა დაუშვებელია და რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია.