• 16 08 2023
    • 3429 ნახვა
    რატომ მწვავდება ნაწლავური ინფექციები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში?                                                ზაფხული, კურორტები და ნაწლავური ინფექცია

    რატომ მწვავდება ნაწლავური ინფექციები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში? ზაფხული, კურორტები და ნაწლავური ინფექცია

    მწვავე ნაწლავური ინფექციები განსაკუთრებით წლის ცხელ პერიოდში – ხშირი მიმართვიანობის მიზეზია ექიმ-ინფექციონისტთან, შედარებით უფრო გართულებულ შემთხვევბში პაციენტები გადაუდებელ სტაციონარულ დახმარებასაც კი საჭიროებენ. თუ რატომაა ყველაზე მწვავე პერიოდი ზაფხული და რამდენად ხშირად მიმართავენ ექიმ სპეციალისტს პაციენტები, გვპასუხობს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი ხატია ხატიაშვილი.
    – რატომ არის განსაკუთრებით აქტუალური მწვავე ნაწლავური ინფექციები გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში?
    – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი პროცესი და გაღიზიანება გასტროენტერიტი გახლავთ, რომელსაც აქვს ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ეტიოლოგია. გადაცემის მექანიზმი ამ დროს არის ფეკალურ-ორალური. არასათანადო ჰიგიენის პირობებში შესაძლებელია, ინფიცირებულმა პირმა დააინფიციროს მეორე პირი, რასაც ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურა და ხალმხრავალი თავშეყრის ადგილები. ამიტომაცაა
    აქტუალური მწვავე ნაწლავური ინფექციები გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, აშშ-ში ყოველი 6 ადამიანიდან 1 ინფიცირდება ცხელ სეზონზე.
    – როგორ ვრცელდება ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე?
    – ინფექციის გადაცემის გზა არის დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღება, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაც საკმაოდ ხშირია არასათანადო ჰიგიენური პირობების დროს. გადაცემის მექანიზმი ამ დროს არის ფეკალურ-ორალური. არასათანადო ჰიგიენის პირობებში შესაძლებელია ინფიცირებულმა პირმა დააინფიციროს მეორე პირი. ვირუსული გასტროენტერიტები შესაძლებელია გავრცელდეს ხელის ჩამორთმევით ნაწლავური ინფექციით დაავადებულ პირთან, დაბიძურებული საგნებით, დაბინძურებული საკვებით ან რძით; მნიშვნელოვანია ინფიცირებულმა პირმა დაიცვას კარგი ჰიგიენა 48 სთ-ის განმავლობაში სიმპტომების ალაგებიდან.

    – რომელი ასაკობრივ კატეგორიაში გვხვდება ნაწლავური ინფექციები?
    – მწვავე ნაწლავური ინფექცია გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, დაინფიცირება შესაძლებელია, როგორც ბავშვებში ასევე ხანდაზმულ პირებში, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფებს კი წარმოადგენენ მძიმე იმუნური სტატუსის მქონე პირები.
    – როგორია დაავადების მიმდინარეობა?
    – დაავადების მიმდინარეობა და სიმძიმის ხარისხი განსხვავებულია; დაავადება ძირითადად იწყება მწვავედ – გულისრევა-ღებინებით, მუცლის ტკივილით, ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით (სისხლის და ლორწოს შემცველობით ან მის გარეშე); ართრალგიით და მიალგიით -ნორმალური ან ჰექტიური ტემპერატურის ფონზე. მწვავე ნაწლავურ ინფექციას დაავადების დასაწყისში ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ინტოქსიკაციის ნიშნები, დეჰიდრატაცია, რაც ხშირ შემთხვევებში მოითხოვს სტაციონარის პირობებში სითხეებით აქტიურ დატვირთვას და საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპიასაც.
    – არსებობს თუ არა პრევენციის ზომები, რის საფუძველზეც თავს ავარიდებთ დაინფიცირებას?
    – მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენციისთვის აუცილებელია:
    ხელების ჰიგიენა ჭამის წინ და შემდეგ, საპირფარეშოთი სარგებლობის, ცხოველებთან კონტაქტის და უმ ხორცთან კონტაქტის შემდეგ;
    ბოსტნეულის და ხილის სათანადოდ გასუფთავება გამდინარე წყლით;
    ქუჩის საკვების მიღებიდან თავის შეკავება;
    გამოვიყენოთ თერმულად კარგად დამუშვებული საკვები, არ მივიღოთ არაპასტერიზებული რძე, ან რძის პროდუქტები;
    თავი შევიკავოთ კონტაქტისგან იმ პირებთან, რომლებსაც აქვს მწვავე ნაწლავური ინფექცია.
    დაავადების დიაგნოსტირება და სწორი მართვა ხდება ექიმი-ინფექციონისტის მიერ ამბულატორიულ, ან საჭიროების შემთხვევაში სტაიცონარულ პირობებში, ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში დროული მიმართვა სპეციალისტთან, დიაგნოზის დროული ვერიფიცირება, რაც თავიდან აგვარიდებს ინფექციის მძიმე გართულებებს.