• 14 08 2017
    • 5522 ნახვა
    ენტეროვირუსული ინფექცია

    ენტეროვირუსული ინფექცია

    ენტეროვირუსული ინფექცია ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მრავალფეროვანი კლინიკა, ცენტრალური ნერვული სისტემის, კუნთების, მიოკარდიუმის, კანის დაზიანება.
    კოქსაკისა და ECHO-ს ვირუსების პირველი შტამები გამოყვეს ადამიანთა ფეკალური მასიდან, რის გამოც ისინი ენტეროვირუსების ჯგუფს მიაკუთვნეს.

    ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი ან ვირუსმატარებელი, ის გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი და ფეკალურ-ორალური გზით. კოქსაკისა და ECHO-ს ვირუსები გარემოში გამძლენი არიან. ისინი ბუდობენ ჩამდინარე წყალში, ღია წყალსაცავებში, საცურაო აუზებში, ნიადაგში, სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე.
    ძირითადად ავადდებიან ბავშვები 3-დან 10 წლამდე, თუმცა ენტერევირუსული ინფექცია ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს.
    დაავადებას ახასიათებს სეზონურობა და ის პიკს ზაფხულში და შემოდგომაზე აღწევს.
    ენტეროვირუსები ორგანიზმში ხვდებიან სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილების ლორწოვანი გარსებიდან.

    დაავადების ინკუბაციური პერიოდი 2-დან 10 დღემდეა. წამყვანი კლინიკური სიმპტომკომპლექსის მიხედვით არჩევენ დაავადების შემდეგ ფორმებს: ჰერპესული ანგინა, ეპიდემიური მიალგია, სეზონური მენინგიტი, მიელიტი, ენცეფალიტი, ენტეროვირუსული ცხელება, რესპირაციულ-კატარული ფორმა, ენტეროვირუსული ეგზანთემა, ენტეროვირუსული დიარეა, ახალშობილთა მიოკარდიტი და ენცეფალომიოკარდიტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, ეპიდემიურ ჰემორაგიული კონიუქტივიტი.