• 17 10 2018
    • 4688 ნახვა
    გრიპი და გაციება

    გრიპი და გაციება

    ცემინება, ხველა, დახშული ცხვირი, ტემპერატურის მატება, ზოგადი ინტოქსიკაცია, გამონადენი ცხვირიდან, საერთო სისუსტე, სახსრების ტკივილი – ცივ ამინდებთან ერთად ეს სიმპტომებიც იმატებს, რასაც ასევე ხელს უწყობს დახურულ სივრცეში დიდი დროის გატარება (საბავშო ბაღი, სკოლა, სამუშაო დაწესებულება).
    საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს რომ ეს უბრალო გაციებაა, ხოლო მეორეს თვლის რომ გრიპი შეეყარა, თუმცა ეს ორი ერთმანეთისგან გასხვავდება.
    აუცილებელია ვიცოდეთ მათი დიფერენცირება, ვინაიდან გაციება მარტივად სამართავია, ხოლო გრიპი შესაძლოა გახდეს მიზეზი სხვადასხვა გართულებების და ჰოსპიტალიზაციის.

    აღსანიშნავია, რომ გაციების დროს ტემპერატურა იშვიათად აჭარბებს 38 გრადუსს, ხოლო გრიპის დამახასიათებელი სწორედ მაღალი ცხელებაა, რომელიც ხშირად 39 გრადუსს აღემატება. ასევე გრიპის ერთ-ერთი მახასიათებელია საერთო სისუსტე, მომატებული ძილიანობა, უმადობა, კუნთების და სახსრების ტკივილი, რაც ჩვეულებრივი გაციების დროს ნაკლებად ფიქსირდება. გრიპმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, როგორიცაა ყურის ან ფილტვების ანთება, პნევმონია, სინუსიტი. რაც შეეხება გაციებას, მისი ძირითადი გამოვლინებაა: ცემინება, ხველა, ყელის და თავის ტკივილი, გაძნელებული სუნთქვა და გამონადენი ცხვირიდან.

    გრიპით დაინფიცირება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც ვირუსს ჰაერწვეთოვანი გზით ავრცელებს და ის გადამდებია საინკუბაციო პერიოდის დასრულებიდან 4-5 დღის განმავლობაში.
    აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატება ორგანიზმის თავდაცვითი და ბუნებრივი რეაქციაა, ამით სხეული ვირუსების ორგანიზმში შეჭრას ეწინააღმდეგება. ტემპერატურის მაჩვენებელი ვირუსის ტიპსა და მის აგრესიულობაზე, ასევე ორგანიზმის რეაგირების უნარზეა დამოკიდებული.

    სასარგებლო რჩევები:

    • ხშირად დაიბანეთ ხელები;
    • დღის მანძილზე რამდენჯერმე გაანიავეთ ოთახი სადაც მეტ დროს ატარებთ;
    • გრიპის და გაცივების პირველივე ნიშნებისას გაიკეთეთ პირბადე რათა დაიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები ბაქტერიების გავრცელებისგან;
    • აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია.